კრიზისი, როგორც ასლან ბჟანიას შანსი, ერთდროულად სამი კურდღელი დაიჭიროს

04-11-2021 18:59:00 კონფლიქტები

აფხაზეთში კვლავ დაძაბულობაა. მიუხედავად სოხუმის ადმინისტრაციის გაფრთხილებისა მასობრივი ღონისძიებების აკრძალვის თაობაზე, ასევე პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოწოდებისა «შესაძლო ექსცესების გამოსარიცხად მიტინგში მონაწილეობისგან თავის შეკავების» შესახებ, 4 ნოემბერს, დღისით სოხუმის დრამატული თეატრის წინამდებარე მოედანზე დაიწყო მიტინგი, რომელიც «ვეტერანთა გაერთიანებული საბჭოს» მიერ 30 სექტემბრის ცნობილ ინციდენტთან დაკავშირებით შს მინისტრ დიმიტრი დბარის გადაყენების მოთხოვნით იყო ორგანიზებული. რამდენიმე ასეულ მეტრში კი კონტრაქცია გაიმართა: პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ასლან ბჟანიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

ორიოდ დღით ადრე პრეზიდენტმა თავად დაასხა ცეცხლზე ნავთი, აღადგინა რა თანამდებობაზე დიმიტრი დბარი, რომელსაც ძიების დასრულებამდე მინისტრის უფლებამოსილება ჰქონდა შეჩერებული. ეს ასლან ბჟანიას მხრიდან ერთგვარ გამოწვევად იქნა აღქმული როგორც ვეტერანებისთვის, ისე, პრინციპში, მთელი მოსახლეობისთვის. პარლამენტში და შემდგომ მის გარეთ განხორციელებულმა ვითარების განმუხტვის მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო და ვეტერანებმა გადაწყვიტეს, ძალაში დაეტოვებინათ გადაწყვეტილება 4 ნოემბერს სოხუმის ცენტრში მიტინგის გამართვის თაობაზე.

ახლა ყველა სუნთქვაშეკრული ელის მოვლენათა განვითარებას.

თუმცა გადალახული აქვს კი შექმნილ კრიზისს კრიტიკული ზღვარი? დიახ, ოპოზიციონერები, რომლებიც ცდილობენ, ვეტერანებს მიეტმასნონ, უკვე არა მარტო შს მინისტრის, არამედ თავად პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. დიახ, დეპუტატების ნაწილი განრისხებულია. დიახ, თავად ვეტერანები უკიდურესად არიან შეურაცხყოფილები. თუმცა პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, კრიზისი განმუხტოს. და არა მარტო განმუხტოს, არამედ ერთდროულად სამი კურდღელი დაიჭიროს.

ასლან ბჟანიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ადამიანები აქციაზე მის წინააღმდეგ არ გასულან, ყოველ შემთხვევაში — მათი უმრავლესობა; რომ რიგით მოქალაქეებს სურთ, მისი სახით იხილონ ძლიერი და დამოუკიდებელი პრეზიდენტი, ლიდერი დამოუკიდებლობის საკმარისი ხარისხით, რათა გაათავისუფლოს რესპუბლიკა ყველაფერ იმისგან, რის წინააღმდეგაც თავის დროზე — ჯერ კიდევ დეპუტატობის ხანაში თავადაც აქტიურად ილაშქრებდა, აცხადებდა რა, რომ „აფხაზური სახელმწიფო ინგრევა, სახელმწიფო ინსტიტუტები დეგრადირებენ, უმუშევრობა იზრდება, კორუფციისა და კრიმინალის მასშტაბები კი საშიშ ზღვარს უახლოვდება“. ვეტერანები ელიან ასლან ბჟანიასგან იმ გადაწყვეტილებებსაც, რომლებიც მისი პრეზიდენტობის საწყის პერიოდში თავადაც არაერთხელ გაუჟღერებია აფხაზეთის დამოუკიდებლად განვითარებისა და ამ მიზნის მისაღწევად არა მარტო რუსეთთან თანამშრომლობის გზების ძიების თაობაზე.

ამასვე ელის დღეს ასლან ბჟანიასგან საღად მოაზროვნე ყველა მოქალაქე და სწორედ ამისკენ სურთ, უბიძგომ პრეზიდენტს, რომელშიც ოდესღაც ძლიერ, დამოუკიდებელ, ჩაფიქრებულის განხორციელებისა და გაბედული ნაბიჯების გადადგმის უნარის მქონე ლიდერს ხედავდნენ.

მიტინგის მონაწილეთა უმრავლესობისთვის დიმიტრი დბარის გადაყენება ღირსების, პრინციპისა და კანონის უზენაესობის საკითხია, - იმ კანონისა, რომლის წინაშეც ყველა თანასწორი უნდა იყოს. ძალოვანების, მათ შორის შს მაღალჩინოსნების მიერ 30 სექტემბერს სოხუმის სანაპიროზე ღირსეული და პატივცემული მოქალაქეების, მათ შორის ვეტერანების, აფხაზეთის პარტიოტების, ომში დაინვალიდებული მხცოვანი ადამიანების უმოწყალოდ ცემა ხომ არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება!

შესაბამისად, როგორც მორალური, ისე პოლიტიკური და იურიდიული მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, სწორი გამოსავალი ერთია: პრეზიდენტმა დიმიტრი დბარი უნდა გადააყენოს!

30 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ მალევე ჩამოყალიბებული «ვეტერანთა გაერთიანებული საბჭოს» მიერ 31 ოქტომბერს ოჩამჩირეს რაიონის სოფელ აძიუბჟაში გამართულ შეკრებაზე მკაფიოდ აღინიშნა, რომ “პრეზიდენტის გვერდზე გადგომა, მის მიერ კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზანმიმართული გაჭიანურება, უმოქმედობა, გენერალური პროკურატურის მიერ საქმის დანაშაულებრივი ფალსიფიკაცია, გაყალბება და მიჩქმალვა ხელისუფლების მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების იმედს აღარ ტოვებს”. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება 4 ნოემბერს სოხუმის ცენტრში შს მინისტრ დიმიტრი დბარის გადაყენების მოთხოვნით აქციის გამართვის თაობაზე - დბარის და არა პრეზიდენტის!

ასლან ბჟანიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მიტინგი არა მის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ სამართლიანობის, ღირსების, კანონიერებისა და კონსტიტუციის დასაცავად. თუ პრეზიდენტი ამას მიხვდება და დაიჯერებს, იგი შეძლებს, არა მარტო დაიმსახუროს, არამედ დაიბრუნოს კიდეც ვეტერანებისა და მთლიანად საზოგადოების ნდობა. ეს — პირველი კურდღელი.

ახლა მოდით, გულახდილად ვუპასუხოთ კითხვას, რატომ ირჩევს ასლან ბჟანია დიმიტრი დბარისთვის მინისტრის სავარძლის შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ამით საკუთარ სავარძელს არყევს? რის ან ვის გამო აკეთებს ამას? რა მიზნით? რა მიზეზით? მიზეზი კი მარტივია და აფხაზეთისთვის კარგად ნაცნობი. სწორედ ეს მიზეზი, გაჩენილი 30 სექტემბრამდე ბევრად ადრე, აიძულებდა პრეზიდენტს, ერთი მეორეს მიყოლებით მიეღო როგორც პირადად მისთვის, ისე აფხაზეთისთვის საზიანო გადაწყვეტილებები. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ასლან ბჟანია კრიმინალური გარემოცვის ტყვეობაში მოექცა. ახლა ის მომენტია, როცა კრიმინალურ წრეებთან მჭიდრო კავშირი აზიანებს პრეზიდენტის რეიტინგს, ავტორიტეტს, მის მიმართ ნდობას, ხოლო თუ ხალხი პრეზიდენტს საბოლოოდ შეიძულებს, კრიმინალიტეტი მას არ უშველის. და პირიქით: თუ ასლან ბჟანია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და დიმიტრი დბარს გადააყენებს, ამით პრეზიდენტი უჩვენებს ხალხს, რომ რეალურად დამოუკიდებელია და თავად ძალუძს გადაწყვეტილებების მიღება.

დბარის გადაყენება პრეზიდენტს არანაირად არ შეასუსტებს, პირიქით, გააძლიერებს, მათ შორის — მოსკოვთან ურთიერთობაშიც. აფხაზეთში ყველასთვის ნათელია, რომ ასლან ბჟანიას ბოლოდროინდელი ხშირი ვიზიტები მოსკოვში მხოლოდ "საბაბი" იყო, არ ყოფილიყო აფხაზეთში იმ მომენტში, როცა 30 სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყცვეტილებების მიღება მოეთხოვებოდა.

ამავდროულად, ამ ვიზიტებმა დაარწმუნა მოსახლეობა იმაშიც, რომ დღეს რესპუბლიკა რუსეთზე იმდენადაა დამოკიდებული, რამდენადაც არასდროს ყოფილა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც ტაქტიკა შეიცვალა, დახმარების სანაცვლოდ აფხაზეთის ხელისუფლებისგან კანონმდებლობის რუსულთან «ჰარმონიზაციასა» და მის საფუძველზე რუსეთის მოქალაქეებისთვის საკუთრების მიყიდვას, ენერგოობიექტების რუსეთის საკუთრებაში გადაცემას, ორმაგ მოქალაქეობასა და კიდევ ბევრ სხვა რამეს მოითხოვს, რაც მჭიდრო კავშირშია ჩვენი სუვერენიტეტის საკითხთან. ასლან ბჟანია კი ხალხის მხარდაჭერის გარეშე რესპუბლიკის ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ შეძლებს. ნუთუ ეს თავად არ ესმის? იმედია, პრეზიდენტი ხსენებული საკითხების მნიშვნელობას აცნობიერებს და დათმობას არ აპირებს. თუ ასეა, დბარის გადაყენებით იგი მეორე კურდღელს დაიჭერდა — მოიპოვებდა დამოუკიდებლობას, ხალხის მხარდაჭერას და უკეთ შეძლებდა აფხაზეთის ეროვნული ინტერესების დაცვას, რომლებიც ჩვენი მთავარი მოკავშირის ინტერესებს ყოველთვის როდი ემთხვევა.

სწორედ ჭარბი დამოკიდებულების გამო დაიწყო ასლან ბჟანიას ხელისუფლების ეროზია. პრეზიდენტის დამოუკიდებლობის სიმწირე უკვე იმ საშიშ ზღვარს აღწევს, რომელიც არ აძლევს ასლან ბჟანიას შესაძლებლობას, რესპუბლიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელი არაერთი გადაწყვეტილება მიიღოს. სწორედ ამის გამო აუმხედრნენ მას ვეტერანები. მაგრამ ამ ყველაფრის გამოსწორება ხელის ერთი მოსმით — დიმიტრი დბარის გადაყენებითაა შესაძლებელი.

პრეზიდენტს ალბათ, ჰგონია, რომ მიტინგზე შეკრებილი ადამიანები მისი მტრები არიან, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. დიახ, მღვრიე წყალში საკუთარი თევზის დაჭერის მსურველი სხვადასხვა ყაიდის რევანშისტები ამჯერადაც გამოჩნდნენ და ცდილობენ, ღირსეული ვეტერანების პროტესტს მიეტმასნონ. მათ შორის არიან ბჟანიას გადაგდებისა და სახელმწიფო სალაფავთან დაბრუნების მსურველი ამჟამინდელი ოპოზიციონერები ორგანიზაცია «არუაას» წევრების, ასევე ეკონომიკის ექს-მინისტრ ადგურ არძინბას სახით, რომელიც ერთ-ერთი პირველი ლობისტი იყო რესპუბლიკაში მაინინგის, ახლა კი მაინინგის გამო ხელისუფლებას ლანძღავს. მათ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსეს, რომ ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში ხალხს ხელისუფლების საწინააღმდეგო მასობრივ აქციებზე გაიყვანდნენ. აქვეა სურკოვის «კადრი», «დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი», «რუსული სამყაროს» იდეის გულანთებული გამტარებელი ახრა ავიძბაც, რომელსაც რამდენიმე თვის წინ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2-წლიანი პირობითი მსჯავრი და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს. ციხიდან გათავისუფლებულმა, მან პირობა დადო, რომ აქტიური იქნებოდა და როგორც ჩანს, დანაპირების აღსრულებას გეგმავს — მით უფრო, რომ პრეზიდენტების ჩამოგდების გამოცდილება უკვე აქვს.

აი, ასეთი ხალხი ცდილობს, დღეს სიტუატიურად მიუერთდეს ღირსეულ ვეტერანებს, რომლებსაც არც ბინძური პოლიტიკით გაუსვრიათ ხელი, არც სხვა რამით და ოპოზიციისგან განსხვავებით, ასლან ბჟანიას ხელისუფლების შეცვლისკენ არ იღწვიან.

ვეტერანები მოქმედი პრეზიდენტის მტრები არ არიან, ძალაუფლებისკენ არ იღწვიან და დბარის გადაყენების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეწეჩერდებიან, აი ავიძბები, არძინბები და სხვა ოპოზიციური სუბიექტები კი — ნაკლებად. თუმცა ამ უკანასკნელებს ხალხის მხარდაჭერა როგორც ადრე არ ჰქონიათ, ისე არც დღეს აქვთ, ამდენად, მათი ბოლოდროინდელი გააქტიურების გამო ღელვა ალბათ, არ ღირს. მით უფრო, რომ მათი «განიარაღება» ერთ წუთშია შესაძლებელი — ისევ და ისევ დიმიტრი დბარის გადაყენებით. ესეც თქვენი მესამე კურდღელი.

პრეზიდენტი ამაზეც უნდა დაფიწრდეს. მით უფრო, რომ რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნები მოდის და დამოკიდებულ, ეროზიის პროცესში მყოფ ხელისუფლებას სახარბიელო არაფერი ელის.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები