
"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფი შევიდა"
05/11/2021 12:44:31 სამართალი
სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო №12 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შევიდა, – ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ იმ დროს, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა ვიზიტორებს, №16 დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობს №12 დაწესებულების მომიჯნავედ, მიმდინარეობდა გეგმური რევაქცინაციის პროცესი.
„განვმარტავთ, რომ აღნიშნული დაწესებულებების ცენტრალური შესასვლელი არის ერთი ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ ფაქტის გამოყენება სურდათ გარკვეულ მედიასაშუალებებს მორიგი არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის დაწესებულებაში დილიდან ხვდება ვიზიტორებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.