
ბერლინში, რუსეთის საელჩოს შენობასთან რუსი დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს
05/11/2021 15:21:22 ევროპა, სამართალი
ბერლინში გაურკვეველ ვითარებაში რუსეთის საელჩოს მეორე მდივანი დაიღუპა, - იუწყება ადგილობრივი გამოცემა Spiegel. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ 35 წლის მამაკაცი საელჩოს შენობის წინ, ტროტუარზე აღმოაჩინა, მისი რეანიმირება ვეღარ მოხერხდა. ვარაუდობენ, რომ დიპლომატი შენობის ზედა სართულიდანაა გადმოვარდნილი.
Spiegel-ის ინფორმაციით, ცხედარი უკვე გადაეცა რუსეთს.
თავად საელჩოში მომხდარს "ტრაგიკული შემთხვევა" უწოდეს და განაცხადეს, რომ "ეთიკური მიზეზებით" ვრცლად კომენტირებას არ აპირებენ.
ვინაიდან გარდაცვლილი დიპლომატიური სტატუსით სარგებლობდა, გერმანულ მხარეს მომხდარის გამოძიების შესაძლებლობა არ აქვს. რუსული მხარე ცხედრის გაკვეთის უფლებას არ იძლევა.
Spiegel-ის ცნობით, დაღუპული ბერლინში 2019 წლის ზაფხულიდან იყო აკრედიტებული. გერმანიის უშიშროების სამსახური არ გამორიცხავს, რომ იგი რუსეთის უშიშროების ფედერალური უწყების აგენტი იყო.
თავის მხრივ, The Insider და Bellingcat ღია წყაროების ანალიზზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ გარდაცვლილის ვინაობა დაადგინეს და ის რუსეთის "კონსტიტუციური წესრიგის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს" (არაოფიციალურად "მეორე ФСБ"-ს უწოდებენ) თავმჯდომარის მოადგილის - გენერალ-ლეიტენანტ ალექსეი ჟალოს ვაჟი კირილ ჟალოა.
Spiegel-ის, The Insider-ის, Bellingcat-ისა და CNN-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგების თანახმად, დადგინდა ხსენებული სამმართველოს თანამშრომლების კავშირი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამლვასთან. თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს.
დასავლური სპეცსამსახურები ამავე სამმართველოს უკავშირებენ 2019 წლის ზაფხულში ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქის, ყოფილ საველე მეთაურ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასაც. აღსანიშნავია, რომ კირილ ჟალო ბერლინში ამ მკვლელობამდე ორი თვით ადრე იქნა აკრედიტებული. თუმცა როგორც The Insider აღნიშნავს, ეს შესაძლოა, უბრალოდ დროში დამთხვევა იყოს.