Accentnews.ge
სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის კადრების გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლის

სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის კადრების გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლის

06/11/2021 17:30:22 სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ სამსახურმა დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

უწყების განცხადებითვე, არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა:

„2021 წლის 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა ფოტო და ვიდეომასალა. ვიდეომასალაზე ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პერსონალის გარემოცვაში. სამსახურის განცხადების თანახმად, ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, სხვადასხვა დროს, საკვებისა და ნატურალური წვენების მიღების ფაქტი, ხოლო ფოტომასალაზე ასახულია მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული პროდუქტები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, 6 ნოემბერს, საღამო, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამართული საპროტესტო აქციის პარალელურად, სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მასალა, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უწყება ასაჯაროვებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს.

მანამდე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ უწყების წარმომადგენლებმა მოინახულეს როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე ესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს და შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.

„ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს“.

სახალხო დამცველის განცხადებით, უწყება ასევე შეისწავლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით.

6 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სპეკულაციების გამორიცხვის საფუძვლით, მან 6 ნოემბრიდან შეწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც.

5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს სხვადასხვა სახის ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S