Accentnews.ge
"ოცნების" ლიდერების განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრისას არჩევნებთან და სააკაშვილთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ

"ოცნების" ლიდერების განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრისას არჩევნებთან და სააკაშვილთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ

08/11/2021 07:12:36 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრისას ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, შეხვედრაზე ძირითადი საუბარი სამომავლო გეგმებს, მათ შორის იმ რეფორმებს შეეხებოდა, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს.

"მათ შორის ნახსენები იყო სასამართლო, დეცენტრალიზაციის, განათლების რეფორმები. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, მასზე საუბარი არ ყოფილა, იქიდან გამომდინარე, რომ ის შესრულებულია", – განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან, მან ჩამოთვალა საკითხები, რომლებზეც, მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს:

  • "მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი საუბრისა იყო უსაფრთხოების საკითხები. სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მათ მოისმინეს ჩვენგან იდეები თუ როგორ შეიძლება, აშშ-ის ჩართულობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ჩვენს რეგიონში.
  • ამასთან, საუბარი იყო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარებაზე. შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალშიც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ იმ იდეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ მას დღეს მივაწოდეთ.
  • მესამე მიმართულება იყო უშუალოდ კონფლიქტების მიმართულება, მათ შორის როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.
  • ამ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი არც არჩევნებთან დაკავშირებით და არც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
  • შეხვედრაზე ვისაუბრეთ, იმაზე, რომ აშშ მზადაა გააგრძელოს საქართველოს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა და ჩვენი მხრიდან იყო გაცხადებული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა გაგრძელდება იმ ანალიზის, ფაქტებსა და საჭიროებებზე დაფუძნებით, რა ანალიზსაც ჩვენ ჩავატარებთ მე-3 და მე-4 ტალღის შედეგად. საკმაოდ პოზიტიურ ტონში მიმდინარეობდა ეს საუბარი. ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავინახეთ რამდენად დიდია საქართველოს მნიშვნელობა აშშ-ისთვის“, -განაცხადა სამხარაძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე ისაუბრეს არჩევნების შემდგომ განვითარებულ კონკრეტულ პროცესებზე, ასევე სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონს:

​„გვქონდა შეხვედრა ერიკა ოლსონთან, რომელიც ახალი დანიშნულია თავის პოზიციაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირადად მასთან თანამშრომლობა. ეს იყო პირველი, გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის არჩევნების შემდგომ განვითარებულ კონკრეტულ პროცესებზე, ასევე გვქონდა საუბარი სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონს. ეს იყო ორი ძირითადი თემა, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზე შევეხეთ".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონი დღეს თბილისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ოლსონი საქართველოს 4 ნოემბერს ეწვია. იმავე დღეს მან შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სომხეთში იმყოფებოდა. რეგიონში მისი ტურნე მოიცავს ვიზიტს აზერბაიჯანშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S