
"აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი"
08/11/2021 08:25:19 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში დღეს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო შსს-ს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების "ხელოვნურად ესკალაციის" თავიდან არიდების მიზნით დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.
უწყების ცნობით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“,- აღნიშნულია შსს განცხადებაში.
ცნობისთვის: გუშინ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდა, 8 ნოემრიდან უწყვეტი პროტესტი გაგრძელდებოდა.
მისი თქმით, დღეს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გაამრთავს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.