
აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტი ვანო მაღალაშვილი დააკავეს
08/11/2021 09:43:47 სამართალი
აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან თვითმმართველობის არჩევნებში თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი, სამოქალაქო აქტივისტი ვანო მაღალაშვილი დააკავეს.
„ადამიანი გაიტაცეს სატელევიზიო ინტერვიუს გამო, ასეთი რაღაც არ გაუკეთებიათ, ვერ გეტყვით რა მოხდა. უცბად მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს, რითი ახდენენ ამ დაკავების ლეგიტიმაციას არ ვიცი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის: გუშინ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდა, 8 ნოემრიდან უწყვეტი პროტესტი გაგრძელდებოდა.
მისი თქმით, დღეს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გაამრთავს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.