იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მოტივს განმარტავს

08-11-2021 21:25:47 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა გაითვალისწინა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა მკურნალობის არსებით ნაწილზე, ასევე უსაფრთხოების რისკები და გადაწყდა პატიმრის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა.

„მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, მზარდი შეიქმნა. შესაბამისად ჯანმრთელობის მდგომარეობის, რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის მიზნით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. იზრუნებს მასზე სამედიცინო პერსონალი და მეთვალყურეობა იქნება უფრო მჭიდრო“,– განაცხადა მინისტრმა „იმედის“ ეთერში.

მისივე ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლებულ იქნა #18 დაწესებულებაში, მან ჩვენს თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“,– განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამსახური ინციდენტს სწავლობს და გეგმავს სამართლებრივ რეაგირებას.

მინისტრს არ უსაუბრია, რა გზით მოხდა სააკაშვილის ტრანსპორტირება.

მინისტრი ირწმუნება, რომ პატიმრის გადაყვანის შესახებ ყველა შესაბამის პირს ეცნობა, შესაბამისად, მისთვის ადვოკატებს და პატიმრის ჯახის პრეტენზიები მიუღებელია:

„რომელ გატაცებაზეა საუბარი და როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტტუტების მიმართ!“.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი, რომელიც 39 დღეა, შიმშილობს, ციხის საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. მისი საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დაახლოებით, ერთი საათის წინ გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს".ამ დროისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები