
სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, სააკაშვილი #18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეასახლეს
08/11/2021 18:08:11 პოლიტიკა, სამართალი
სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ ღოღაძე, რომელმაც გლდანის ციხის საავადმყოფოში ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, აცხადებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში ექს–პრეზიდენტი სასწრაფო მანქანის მეშვეობით გადაიყვანეს.
ღოღაძის თქმით, სააკაშვილი აპროტესტებს გლდანის ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანას და მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსებას ითხოვს.
"ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა მე-18 დაწესებულებაში გადმოსვლა. ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით. გადმოიყვანეს სასწრაფოს მანქანით“, - განაცხადა ღოღაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე და შიმშილობას აგრძელებს.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში იზოლირებულ პალატაში იმყოფება, მის სიახლოვეს სხვა პატიმრები არ იმყოფებიან, თუმცა გარედან პატიმრების ყვრილის ხმა ისმის.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გლდანის ციხეში პატიმრების ხმაური და მიხეილ სააკაშვილის მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენება ფსიქოლოგიურ ზეწოლად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამაზე მოკვლევა მიმდინარეობს:
„მიმდინარეობს წარმოება და ამის შეფასება მოხდება“.
ამასთან, სახალხოს დამცველის წარმომადგენლის თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის მონტაჟი მე-18 დაწესებულებაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დღეს 19:00 საათზე გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს".