
სააკაშვილი: "გლდანის ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამომიცხადა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელშიო"
08/11/2021 22:09:21 პოლიტიკა, სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელშიო".
სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა მოითხოვა ამ ადამიანის სახელი და გვარი, თუმცა უარი უთხრეს.
"მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი. გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთან ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე. ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელშიო" და გინებაც მოაყოლა",– ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც საზოგადოებას გვარამიამ გააცნო.
სააკაშვილი ჰყვება, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს:
"გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა მანქანიდან, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა. გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა", – წერს სააკაშვილი.
მისივე თქმით, "გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი" მისთვის ნემსის გაკეთებას ცდილობდა, რა დროსაც წინააღმდეგობის გაუწია და ანალიზატორს გაკრა ხელი:
"კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, რადგან რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობისა და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით. ყველა იქცეოდა, როგორც ნამდვილი კრიმინალები".
იგი აცხადებს, რომ მედპერსონალთან არ თანამშრომლობს და მხოლოდ პირად ექიმს შეხვდება:
"ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს ვაცხადებ, არ ვთანამშრომლობ სამედიცინო პერსონალთან. შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. ჩემი აქ გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად ჩემი ფიზიკური განადგურებაა, პუტინის დაკვეთით".
ამასთან, მან მოქალაქეებს აქციაში მშვიდობიანად მონაწილეობისკენ მოუწოდა:
"მინდა, არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი, გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ, გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად ვერავინ დაგამარცხებთ მშვიდობიანი მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში. კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდათ ხელში და დაღუპვის პირასაა. მინდა, ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის, არ შეგვეშინდეს ამათი, ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი".
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას გადაწყვეტილება გლდანის ციხესთან საპროტესტო აქციის არგამართვის თაობაზე სწორი იყო.
"მიმართვა ნიკა მელიას – ვიზიარებ და სრულად მხარს ვუჭერ, ნიკა, შენს გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას. ყოჩაღ ამისთვის“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში