Accentnews.ge
"გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში"

"გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში"

08/11/2021 22:24:57 პოლიტიკა, სამართალი

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი. გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთან ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე. ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელშიო" და გინებაც მოაყოლა. გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა მანქანიდან, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა. გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა",– ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.

მისივე თქმით, "გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი" მისთვის ნემსის გაკეთებას ცდილობდა, რა დროსაც წინააღმდეგობის გაუწია და ანალიზატორს გაკრა ხელი.

იგი აცხადებს, რომ მედპერსონალთან არ თანამშრომლობს და მხოლოდ პირად ექიმს შეხვდება:

"ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს ვაცხადებ, არ ვთანამშრომლობ სამედიცინო პერსონალთან. შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. ჩემი აქ გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად ჩემი ფიზიკური განადგურებაა, პუტინის დაკვეთით".

გარდა ამისა, მან მოქალაქეებს აქციაში მშვიდობიანად მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"მინდა, არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი, გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ, გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად ვერავინ დაგამარცხებთ მშვიდობიანი მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში”, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას გადაწყვეტილება გლდანის ციხესთან საპროტესტო აქციის არგამართვის თაობაზე სწორი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S