Accentnews.ge
ომბუდსმენი: "სააკაშვილის N18 დაწესებულებაში მოთავსება სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას არღვევს "

ომბუდსმენი: "სააკაშვილის N18 დაწესებულებაში მოთავსება სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას არღვევს "

09/11/2021 07:03:35 პოლიტიკა, სამართალი

N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მან იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.

„მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, ამასთან, არ იღებს სათანადო მედიკამენტებს, შიმშილობის პროცედურებისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.

სახალხო დამცველის აპარატმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინა ვიზიტის შემდეგ, N18 დაწესებულებაში შეტანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. თუმცა, აპარატი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შესახლების დღეს მიიტანეს და მისი დამონტაჟება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამასთან, მიუხედავად კონსილიუმის მოთხოვნისა, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და კვლავ არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.

ამრიგად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, - რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, როგორც ირკვევა, სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ. 2021 წლის 18 იანვრამდე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია ღამის საათებში სპეციალურ არქივზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის გამო.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ამბობს, რომ რუსთავიდან მოტყუებით გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S