ხოშტარია, რომელიც მე–7 დღეა, შიმშილობს, განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებს მედიკამენტებს
09/11/2021 07:25:22 პოლიტიკა
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, საჭირო მედიკამენტებს კი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მის სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე შეექმნება.
ხოშტარია მე-7 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შიმშილობს.
"მე თავიდანვე ვთქვი, რომ ვიშიმშილებდი მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ მოეხსნება.
დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას. მე ვაგრძელებ შიმშილობას.
ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. ახლა მე არ ვიღებ მედიკამენტებს.
თუ მე ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს ზღვარი ერის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს. იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ დანებებას, შიმშილის შეწყვეტას, არ ვაპირებ არც სიკვდილს. მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით.
შეიძლება ყველას არ ესმის, რომ ეს გამარჯვება სჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მაგრამ თუ ამ ბრძოლაში ჩვენ არ ჩავდეთ სრული ენერგია, ყველა მათგანი არის უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ". - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ამბობს, რომ რუსთავიდან მოტყუებით გადაიყვანეს.
სახალხო დამცველის შეფასებით, "სააკაშვილის N18 დაწესებულებაში მოთავსება სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას არღვევს "


