
ბაქო ყარაბაღში სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს გმობს
09/11/2021 09:54:05 კავკასია
ბაქო მთიან ყარაბაღში სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს აპროტესტებს და აცხადებს, რომ «სომხეთის მაღალჩინოსნის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეუთანხმებელი ჩასვლა სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაციაა».
«სომხურ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შესახებ აზერბაიჯანის იმ ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობოები დგანან. სომეხი მინისტრის აზერბაიჯანულ მიწაზე თვითნებური ჩამოსვლა, უკანონო სომხური ფორმირებების წარმომადგენლებთან შეუთანხმებელი შეხვედრები და მათი საბრძოლო მზადყოფნის შესახებ განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც გამიზნულად განხორციელდა აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების მიერ სამმხრივი განცხადების გაფორმების წლისთავის წინაპერიოდში. ამით სომხეთის ხელმძღვანელობა უხეშად არღვევს სამმხრივი შეთანხმების პირობებს, მიზანმიმართულად ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს რუსი სამშვიდობოების მოქმედებას. ნაცვლად იმისა, რომ სათანადო დასკვნები გამოიტანოს ტოტალური მარცხიდან 44-დღიან ომში, ადაპტირდეს რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, განამტკიცოს მშვიდობა და უსაფრთხოება, ერევანი იაფფასიანი სამხედრო ავანტიურების მცდელობებს ახორციელებს შიდა აუდიტორიაზე გათვლით», – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტრი არშაკ კარაპეტიანი 6 ნოემბერს სამუშაო ვიზიტად თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღს ეწვია და სიუნიკის მხარეში მდებარე სევ ლიჩის ტბის მიდამოებშიც შეიარა. "მინისტრმა სტეპანაკერტში [ხანქენდი - რედ.] თავდაცვის არმიის ხელმძღვანელობის სამუშაო თათბირში მიიღო მონაწილეობა, საბრძოლო პოზიციები მოინახულა, გაეცნო პოზიციების გამაგრებით სამუშაოებს, შეხვდა სამხედროებს, გაეცნო მათ სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობებს და რიგი სამხედროებიც დააჯილდოვა" - იუწყება უწყების პრეს-სამსახური.