
სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება, ინსპექტორმა კადრების დაარქივება მოითხოვა
09/11/2021 17:33:32 სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლის გიორგი მიქელაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, იუსტიციის სამინისტროდან და სხვა დაწესებულებებიდან გამოითხოვონ პერსონალური სახის ინფორმაცია. ამასთან, თანახმაა, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაიყვანონ ექსპერტთან, მის მიერ მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.
„იგი [მიხეილ სააკაშვილი] მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების შესახებ. აქედან გამომდინარე, იმის დასადგენად, არსებობს თუ არა მის სხეულზე რაიმე ჯანმრთელობის დაზიანების კვალი, ჩატარდეს სამედიცინო სახის ექსპერტიზა", - განაცხადა მიქელაძემ გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში ვიზიტის შმდეგ, სადაც ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ყავთ შესახლებული.
სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა.
„დღეს მოგეხსენებათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გამოკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ, გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა, სპეციალური ტელეფონის მეშვეობით. როგორც ეს ჩვენ პენიტენციურ განყოფილებაში განგვიცხადეს და ეს ფაქტობრივი მოცემულობა ჩვენ ადგილზე დაგვხვდა. როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვის ჩატარება. ჩვენ ვმუშაობთ გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე", - განაცხადა მიქელაძემ.
სხელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრების დაარქივების მოთხოვნით, რათა შემდგომ სასამართლოს გზით მოხდეს მისი ამოღება.
8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერით განაცხადა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა უწყების თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც. თავად სააკაშვილი კი მის მიმართ განხორციელებულ ფი\იკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.