„საზღვაო აკვატორიაში საერთო ინტერესები გაგვაჩნია“ – ამერიკული ხომალდები საქართველოში

09-11-2021 21:54:59 თავდაცვა ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

„საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ძალიან ძლიერი დატვირთვა გააჩნია. საქართველო არის გლობალური უსაფრთხოების ერთგული მოკავშირე და მონაწილე. ჩვენ კარგად გვესმის შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და გამიზნული გვაქვს ჩვენი მოკავშირეების დახმარება ამ მიმართულებით. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. სარდლობებს შორის თავსებადობა, პარტნიორობაზე კონცენტრირებული წვრთნები და კრიზისულ პერიოდებში ჩვენი ძალების გაერთიანება რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა“,– განაცხადა ბათუმში ღარიბაშვილმა, სადაც ამერიკულ ხომალდ „მაუნთ უიტნიზე“ იმყოფებოდა.

მან ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს საქართველოს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკული ხომალდები საქართველოში არაერთგზის შემოსულან, მათ შორის, 2008 წელს.

დიპლომატის თქმით, ვიზიტი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო პარტნიორების რანგში ერთგულნი არიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდეისადმი:

„მაუნთ უიტნიმ“ 2008 წლის სექტემბერში - რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის დროს - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან 17 ტონა მეტად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა. ეს იყო ამ ხომალდის პირველი შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში და შეხედეთ, რამდენად წინ წავიდა ამ პერიოდში საქართველო. ამ დიდებული ხომალდების ისტორია და მათი ეკიპაჟების შესაძლებლობები და მიღწევები შთამბეჭდავია. ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო პარტნიორების რანგში ერთგულნი არიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდეისადმი.

ერთი თვე არც არის გასული შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტისგან, რომელმაც ბრძოლის ველზე ქართველ მეომრებთან ერთად ყოფნა გაიხსენა და მადლიერება გამოხატა მათდამი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების და მოკავშირეების მეომრებთან ერთად 22 ათასზე მეტი ქართველი მონაწილეობდა წვრთნებსა და ბრძოლებში. ამ ხომალდების ეკიპაჟები და პირადი შემადგენლობა შეერთებულ შტატებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ინტეგრირებული საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო ოპერაციები განახორციელონ სამხედრო და ჰუმანიტარული მისიით, როდესაც მოგვმართავენ და როდესაც საჭირო ვხდებით მსოფლიოში. თქვენი აქ ყოფნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლექმა კი განაცხადა, რომ „საქართველოს მხარდაჭერას უშუალოდ შეაქვს წვლილი საერთო საზღვაო უსაფრთხოებაში შავი ზღვის რეგიონში“:

„საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება. შეერთებული შტატები განუხრელად ერთგულია მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნებისადმი და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარების სფეროში დახმარებისადმი. თქვენი წვლილი უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში იმის დასტურია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და საზღვაო აკვატორიაში საერთო ინტერესები და ფასეულობები გაგვაჩნია. საქართველოში გასულ თვეში ვიზიტის დროს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა - „საქართველომ განუხრელად და მყარად დაუჭირა მხარი შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა განვამტკიცო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“. ამერიკის საზღვაო ძალები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებსა და მოკავშირეებთან - მათ შორის საქართველოსთან - ერთად აძლიერებს საზღვაო უსაფრთხოებას და სტაბილურობას შავი ზღვის რეგიონში. არც ერთ ქვეყანას ძალუძს ცალკე საფრთხეებთან გამკლავება და ამდენად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ექვსი ერის საზღვაო ფლოტის სახელით მადლობას ვუხდი საქართველოს ამ შესაძლებლობისთვის, რაც ჩვენს ურთიერთობებს აძლიერებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები