
"ჯოჯოხეთის გავლას ჰგავს" – გვარამია #18 დაწესებულებაში სააკაშვილისთვის შექმნილ პირობებზე საუბრობს
09/11/2021 18:08:10 სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის და „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამსახური მოტყუებით ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმლის ამოღებას.
„დღეს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი იპარავდა მტკიცებულებას. მათ იცოდნენ, რომ ინსპექტორის წარმომადგენელი შემოდიოდა ტანსაცმლის ამოსაღებად, იმისთვის, რომ შემოწმდეს კვალი ამ ტანსაცმელზე. რა ქნა იუსტიციის სამინისტრომ, დაასწრო და დაიწყო ამოღების პროცესი. შეიყვანეს შეცდომაში სააკაშვილი, რომელსაც ეძინა და გააღვიძეს. ვიდეო თვითონ გვაჩვენეს, მაგრამ ვნახავთ, რამდენად ადეკვატურია იმ ვიდეოში სააკაშვილი, ნამძინარევია და თან აშკარად დასუსტებული.
სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ეს ინსპექტორის ხალხია და მოუწერა ხელი, გადააბარა ეს ტანსაცმელი და როგორც კი ტელევიზორში ნახა, რომ გარეთ ვდგავართ ჩვენ და ინსპექტორები, ჰკითხა თქვენ ვინ ხართო, იმათ უთხრეს, რომ იუსტიციის სამინისტროს გენინპსექცია ვართო, არც აცია და არც აცხელა, მთელი ეს ტანსაცმელი მას გამოართვა, წაართვა და აღარ შედგა ეს საპროცესო მოქმედება", - განაცხადა გვარამიამ, რომელიც თავის დაცვის ქვეშ მყოფს შუამავლის მეშვეობით ესაუბრა.
ამასთან, გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილს წართმეული აქვს ეფექტური დაცვის განხორციელების უფლება:
"სააკაშვილი შიმშილობს, მარტივად არ გადაადგილდება, ჩვენ მასთან პალატაში არ გვიშვებენ. სააკაშვილი 5 სართულს უნდა ჩამოვიდეს, შემოვიდეს ოთახში, სადაც ერთი მხარეს არის ხმაგაუმტარი მინა, ჩემთან ერთად არის მეორე ადვოკატი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი. მე მესაუბრება ტელეფონით, მე ვეუბნები სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს ან მეორე ადვოკატს, შემდეგ ის მეუბნება კითხვას, რომელიც სააკაშვილს უნდა დავუსვა და ა.შ. ეს პროცედურა არ ჩატარებულა, რადგან ასე ფაქტების დადგენა შეუძლებელია. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების ეფექტიანი კომუნიკაცია შეზღუდულია".
გვარამია ამბობს, რომ პატიმრები ყოფილი პრეზიდენტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
„არის სააკაშვილის დედის გინება და უმძიმესი ტექსტები - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გიული ალასანია რომ მოვიდეს ან მისი შვილები, როგორ უნდა გაიარონ ეს გზა. ასევე ადვოკატებისთვისაც არ არის მარტივი. ადვოკატი ამ სტრესის მერე რომ შედის მის დასაცავ პირთან, რომელიც ასევე სტრესია, თვითონაც სტრესი შეაქვს, ქვეითდება მისი პროფესიული შესაძლებლობები იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჯოჯოხეთის გავლას ჰგავს მათთვის, ვინც ამას მიუჩვეველია. პლიუს ამას, პალატაში ეს ხმა სულ ისმის და სააკაშვილი იძულებულია, ტელევიზორის ხმას ბოლომდე აუწიოს. ეს არის უწყვეტი, მუდმივადაა ხმაური, ღამის განმავლობაშიც. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ამყოფებენ სააკაშვილს", - თქვა გვარამიამ.
8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერით განაცხადა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა უწყების თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც. თავად სააკაშვილი კი მის მიმართ განხორციელებულ ფი\იკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.
სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელის თქმით, სააკაშვილი თანახმაა, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაიყვანონ ექსპერტთან, მის მიერ მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.