
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
10/11/2021 05:13:35 პოლიტიკა, სამართალი
დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ნინო ელეიშვილი განიხილავს.
ექს–პრეზიდენტის ადვოკატები ითხოვენ, რომ პროცესი სასამართლოში ჩატარდეს და არა - დისტანციურად.
10 ნოემბერს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა შეატყობინა, რომ გაკეთდება მოთხოვნა სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ. უფლებადამცველი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებულები არიან, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, დაზუსტებული არ არის, რა ფორმატში გაიმართება სასამართლო სხდომა.
ცნობისთვის: სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.