უკრაინის მთავარი დიპლომატის მოადგილემ საქართველოს ელჩთან სააკაშვილის სიტუაცია განიხილა
10/11/2021 07:01:15 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი ტოჩიცკიმ საქართველოს ელჩთან გიორგი ზაქარაშვილთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული ვითარება განიხილა.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ელჩმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკრაინელ დიპლომატს სააკაშვილის პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის თაოაზე. თავის მხრივ, ტოჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოეთში უკრაინის მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების დაცვა უკრაინული სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წაროადგენს. მან ელჩს ქვეყნის საგარეო უწყების მიერ ქართველი კოლეგებისადმი გუშინდელი ნოტა შეახსენა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ქართული მხარის მიერ "დადებითად იქნება განხილული".
გარდა ამისა, ტოჩიცკიმ და ზაქარაშვილმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და გაცვალეს მოსაზრებები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი (დაგეგმილია 15 დეკემბრისთვის) სამიტისთვის "ასოცირებული ტრიოს" (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) მზადების ფარგლებში სამომავლო ერთობლივი მოქმედებების თაობაზე.
მანამდე უკრაინელმა ომბუდსმენმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში სააკაშვილისადმი მოპყრობით საერთაშორისო კონვენციებისა და პაქტების რამდენიმე მუხლი დაირღვა და რომ საქართველოს ელჩმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.


