ილონ მასკმა ორ დღეში 50 მლრდ დოლარი დაკარგა

10-11-2021 12:43:15 ეს საინტერესოა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციების კოტირებების ვარდნის ფონზე ორ დღეში 50 მლრდ დოლარი დაკარგა, - იუწყება Bloomberg.

Tesla-ს ფასიანი ქაღალდები მას შემდეგ გაიაფდა, რაც მასკმა ტვიტერში ინტერნეტ-გამოკითხვა მოაწყო, ჰკითხა თავის ხელმომწერებს, ღირს თუ არა, გაყიდოს კომპანიის აქციების 10% და პირობა დადო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათი აზრის გათვალისწინებით მოიქცეოდა. შედეგად გამოკითხულთა თითქმის 58%-მა აქციების გაყიდვას დაუჭირა მხარი.

გარდა ამისა, აქციების გაიაფების მიზეზად იქცა ცნობები იმის შესახებ, რომ ბიზნესმენის ძმამ ქიმბალ მასკმა Tesla-ს ფასიანი ქაღალდების საკუთარი წილი 100 მლნ დოლარზე მეტად გაყიდა, ასევე ჭორები იმის თაობაზე, რომ თავად ილონ მასკსაც სავარაუდოდ, თავისი წილის გაყიდვა სურს პირადი ვალების გადასაფარად.

ილონ მასკის ეს ზარალი Bloomberg-ის Billionaires Index-ის ისტორიაში უმსხვილეს ორდღიან დანაკარგად იქცა. ამჟამად, ინდექსის თანახმად, Tesla-ს დამფუძნებლის ქონება 288 მლრდ დოლარს აღწევს. რეიტინგი Forbes Real Time კი მასკის ქონებას 271 მლრდ დოლარად აფასებს. ეს - მაშინ, როცა ნოემბრის დასაწყისში მასკის ქონება 300 მლრდ დოლარად ფასდებოდა.

როგორც Bloomberg აღნიშნავს, მასკი კვლავინდებურად რჩება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად, მაგრამ მასა და მეორე ადგილოსანს - Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს შორის სხვაობა 83 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები