
სასამართლომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა
10/11/2021 09:08:07 სამართალი
სასამართლომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები კვლავ პატიმრობაში დატოვა.
შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.
აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა და წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება.
ერთ-ერთი ადვოკატის კითხვაზე, თუ რატომ არ იმყოფება მიხეილ სააკაშვილი დარბაზში, მოსამართლემ უპასუხა, რომ სააკაშვილი ამ სხდომაზე არ უნდა ყოფილიყო.
"როგორ უნდა იყოს დარბაზში სააკაშვილი, მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს", - განაცხადა კურტანიძემ.
ცნობისთვის: გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.