
"გზების ბლოკირება იგეგმებოდა" – პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასამართლოში ეტაპირებაზე უარს ამბობს
10/11/2021 09:12:48 სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის გარეშე ჩატარდება. პატიმრის ეტაპირებაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელშიც გადაწყვეტილების საფუძლები განმარტა:უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის მხრიდან პენიტენციურ დაწესებულებასთან გზების ბლოკირება იგეგმებოდა, რაც მიზნად ქაოსს და არეულობას ისახავდა.
ამასთან, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქალაქო სასამართლოში გადაყვანა საფრთხის შემცველია მისი ჯანმრთელობისთვის:
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შეფასებით კი, ხელისუფლებას სააკაშვილის დარბაზში გამოჩენა აშინებს და ესაა რეალური მიზეზი.
"მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ განცხადებების, საერთოდ მიხეილ სააკაშვილის ვიზუალის გამოჩენის ეშინიათ, ვინმემ მისი ხმა გაიგოს. ეშინიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში, ეშინოდათ მაშინაც, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არ იყო საქართველოში და უკრაინაშ იყო და ახლა განსაკუთრებით ეშინიათ როდესაც საქართველოშია და სწორედ ამას ემსახურება ის, რაც ახლა ხდება, ადამიანი არ მოჰყავთ სასამართლო პროცესზე. იმის უფლებასაც არ აძლევენ, რომ საკუთარი თავი დაიცვას სასამართლო პროცესზე და ეს შიში გადაიყოლებს ამ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის შიში, ხალხის შიში, ოპოზიციის შიში, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
გადაწყვეტილება მიუღებელია ბრალდებულის ადვოკატებსთვისაც.
"სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს. გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას არა თუ არ აპირებენ, პენიტენიცური სამსახური არც კი მსჯელობს, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილი პროცესში მონაწილეობას", - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ამ დროისთვის სასამართლოს ეზოში პოლიციაა მობილიზებული. იკრიბებიან სააკაშვილის მახარდამჭერებიც.
ცნობისთვის: დღის განმავლობაში სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე 46 პირი დააკავეს.