
საქსტატი – 2019 წლის II კვარტალში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 37.5%-ით გაიზარდა
14/08/2019 08:02:10 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 378.2 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9%-ს შეადგენს და წარმოადგენს 36.8%-იან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (23.1%) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 37.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.2%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40%-ს შეადგენდა.
2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46.6%, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 1 069.3 ათასი და 516.7 ათასი ვიზიტი.
განხორციელებული ვიზიტების 70% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 24.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის II კვარტალთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა და 1 261.6 ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 13.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45% განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.
2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 66.2% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.9% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9% იყო როგორც ტურისტი, ასევე - ექსკურსანტი.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს, ტურისტული მიზნის მქონედ იგულისხმება ის ვიზიტორი, რომელიც ერთ ღამეს მაინც გაათევს ქვეყანაში, ხოლო ვინც ღამეს არ გაათევს, მათი ვიზიტის მიზანი რეგისტრირდება როგორც ექსკურსიული.