
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო პროცესი დატოვეს
10/11/2021 12:23:15 სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა – ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ სასამართლო პროცესი დატოვეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დარბაზში მყოფმა ადვოკატებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსამართლემ უარი განაცხადა, სხდომას სააკაშვილის კიდევ ორი ადვოკატი – ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი შემოერთებოდნენ.
„გამოვაცხადოთ შესვენება და საძაგლიშვილი და გვარამია შემოვიდნენ პროცესზე, ისინი იმყოფებოდნენ საპატიმროში და შესაძლოა, რაიმე ახალ ინფორმაციას ფლობდდნენ ან შეიძლება, ახალი გარემოება ჰქონდეთ“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
საპასუხოდ მოსამართლემ აღნიშნა, რომ დაწყებულ პროცესზე მათი შესვლა უწყვეტობის პრინციპს არ შეესაბამებოდა.
„მე ვერ ვხედავ აზრს გაგრძელების, დაგემშვიდობებით. ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ სააკაშვილის დაცვაზე ვამბობთ უარს, ვიდრე არ გაირკვევა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საკითხი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წარიმართოს მისი იურიდიული მხარდაჭერა, მე აზრს ვერ ვხედავ“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს 11:00 საათზე განახლდება.
ცნობისთვის: დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც შემდეგი იყო აღნიშნული: "შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში".
სასამართლომ სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლება არც ერთ მედიასაშუალებას არ მისცა. პროცესს მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" კამერა იღებდა.
ამასთან, საკაშვილის ერთ–ერთ ადვოკატს პროცესიდან "ფეისბუქ–ლაივი" ჰქონდა ჩართული.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 5-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.