Accentnews.ge
სააკაშვილის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუუქმეს

სააკაშვილის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუუქმეს

10/11/2021 12:52:01 სამართალი

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს, რაც შეეხება ყოფილ მაღალჩინოსნებს ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან, მოსამართლის თქმით, ახალი გარემოება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომ პატიმრობა გაუქმებულიყო, რის გამოც, პატიმრობა უცვლელად იქნა დატოვებული.

ყოფილი პრეზიდენტი კვლავ პატიმრობაში რჩება იმ საქმეების გამო, რაზეც სასამართლოს უკვე დასრულებული აქვს განხილვები. პროკურორი ჯარჯი წიკლაური განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, რის გამოც 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება ფაქტობრივ მოცემულობს არ ცვლის:

„დღევანდელ პროცესზე 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. სასამართლომ ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ აღარ იყო პატიმრობის გამოყენების საჭიროება და მან გააუქმა აღკვეთის ღონისძიება. აქვე განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამავე დროს მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან. შესაბამისად, მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობს, რადგან იმ საქმეებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, იგი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“.

ცნობისთვის: დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც შემდეგი იყო აღნიშნული: "შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში".

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S