
პროკურორი: "ადვოკატების აჟიოტაჟია, რომ ვინმეს სააკაშვილის პროცესში მონაწილეობის ეშინია"
10/11/2021 14:51:50 სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ ბრალდებულის ადვოკატები "ხელოვნურ აჟიოტაჟს" ქმნიან, რომ ვინმეს სასამართლოში სააკაშვილის მონაწილეობის ეშინია.
"დღევანდელ პროცესზე, და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხონ, რომ თითქოს განგებ არ იმართება სხდომები ან თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვისა", - განაცხადა პროკურორმა.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უშუალოდ დასწრებოდა პროცესს და ის სასამართლოში მიეყვანათ. პროკურორის განცხადებით, მან შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ სააკაშვილი დისტანციურად ჩართულიყო პროცესში, თუმცა დაცვის მხარემ უარი განაცხადა:
„როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და სასამართლომ განგვიმარტა, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ ხდებოდა, სასამართლოს მაშინვე მივმართეთ შუამდგომლობით, რომ საშუალება მიგვეცა მიხეილ სააკაშვილისთვის, უშუალოდ მიეღო მონაწილეობა. მზად ვიყავით იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც კი ჩაგვეტარებინა პროცესი. არამარტო ალტერნატივის სახით შევთავაზეთ, რომ ბრალდებულისთვის შესაძლებლობა მიგვეცა ტრანსლირებით, დისტანციურად ჩართულიყო აღნიშნულ პროცესზე. რომც მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება და სასამართლოში მიეღო მას მონაწილეობა, ბუნებრივია, მას ექნებოდა, როგორც სასამართლოსთვის ისე საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. ტელევიზიით გადაიცემოდა დღევანდელი პროცესიც. ანალოგიურია, როცა ვიდეოტრანსლირება ხდება და დისტანციურად ერთვება ადამიანი სასამართლო პროცესში, მას სრული შესაძლებლობა და თავისუფლება ექნებოდა უშუალოდ მიემართა სასამართლოსთვის, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია, მათ შორის მიემართა საზოგადოებისთვის. ეს შესაძლებლობა არსებობდა და შევთავაზეთ დაცვის მხარესაც, მაგრამ გასაოცარია ის, რომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით ამაზე დაცვის მხარემ უარი განაცხადა“.
ცნობისთვის: 7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო.
საქმის განხილვა 29 ნოემბერს გაგრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სასამართლო ელოდება, როდის დამძიმდება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა ისე, რომ სასამართლოში მისვლა ვერ შეძლოს.
დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც შემდეგი იყო აღნიშნული: "შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში".
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.