
"სააკაშვილს აქვს დაზიანებები, მედიკამენტებს არ იღებს, მდგომარეობა არ არის კარგი"
10/11/2021 18:00:52 სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტს დაზიანებები აღენიშნება.
როგოც ნიკოლოზ ყიფშიძემ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე.
„ახლა ტარდება სამედიცინო კვლევები, ჯერ არ დამთავრებულა. მე ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. ასე რომ, სხვებიც მალე გამოვლენ. გარეგანი დათვალიერება უტარდება. აქვს დაზიანებები, რა დაზიანებები აქვს, არ ვილაპარაკებ ამაზე. სხვადასხვა ნაწილებში შევამჩნიე დაზიანებები ჩემი თვალით. ერთს გეტყვით, რომ სუსტად არის. მედიკამენტებს არ ღებულობს, ტესტები ავიღეთ, ტესტების გარკვეული ნაწილი არის უარესი, რაც მოსალოდნელი იყო. აქ მკურნალობას ჩვენი პრეზიდენტი არ გადის. მდგომარეობა არ არის კარგი და ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ ისეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობა. [...] ყველამ მშვენივრად იცის, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ერთით - სიკვდილით. სხვა გამოსავალი აქ არ არის. ბევრი მეუბნება რატომ აბუქებო, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე. დაახლოებით ორი კვირის წინ ვთქვი იგივე, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და გაუძლო ეს ორი კვირა და კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს, ვერ გეტყვით“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.