
"ხელისუფლების მიზანია სააკაშვილმა არათუ შეწყვიტოს შიმშილობა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის ეს ფორმა"
11/11/2021 12:48:23 სამართალი
"ხელისუფლების მიზანია სააკაშვილმა არათუ შეწყვიტოს შიმშილობა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის ეს ფორმა", – ამის შესახებ უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და გამოცემული დროებითი ღონისძიებით.
"დღეს ვნახეთ რა გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია თუ როგორ ხდება ძალადობა სააკაშვილზე, რომელზეც სააკაშვილს აქვს ტანსაცმელი შემოხეული. რეალურად, ცხადია, ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა ამ კადრების გავრცელებით. ბუნებრივია, ამის უკან მდგომი რეალური მიზანი ხელისუფლების არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა არათუ შეწყვიტოს შიმშილობა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის ეს ფორმა. [...] იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, რომ ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადავიყვანეთო, რეალურად მოხდა სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულება არის სამკურნალო დაწესებულება, გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც სადაც ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პატიმარი იძულებით გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში და იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს განხორციელდა? ცხადია, რომ ეს არის არაჰუმანიზმის გამოვლინება და სიბოროტის. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრი შეეცადა, თითქოს ისინი კონსტრუქციულები არიან და მეორე მხარე დესტრუქციული მოქმედებებით და განცხადებებით გამოირჩევა, სრული აბსურდია. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, რომ საშუალება მიეცეს ალტერნატიულ კონსილიუმს შევიდეს მასთან, ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ არ შეასრულა მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციები და ამ ფონზე, გვაქვს სრული ინფორმაციული ვაკუუმი“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.