ლომჯარია: "შეწყვიტეთ პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა!"
11/11/2021 13:55:09 პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.
ლომჯარიას თქმით, ხაზგასასმელია, რომ ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი.
ომბუდსმენი ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც სახალხო დამცველი 8 ნოემბერსვე აცხადებდა.
"იუსტიციის მინისტრის ცნობით, ვიდეოჩანაწერების ნაკრების გავრცელება მიზნად ისახავდა ადვოკატის განცხადებების უარყოფას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით, გამოძიების მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ მიუწოდებია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროება და არა მისი სრული სახით მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის.
ადვოკატის პოზიციის გასაბათილებლად, გამოძიებისთვის აღნიშნული ვიდეომასალების სრულად მიწოდებასთან ერთად, შესაძლებელია შერჩეულიყო უფლების ნაკლებად მზღუდავი სხვა საშუალება", - წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოითხოვს - იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა.
დღეს ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, თუმცა მას პენიტენციურმა სამსახურმა ახალი კადრებით უპასუხა.
იხილეთ ასევე: „არაადამიანური მოპყრობა“, „დამცირება“ – რას ამბობენ იურისტები პენიტენციური სამსახურის მორიგ კადრებზე


