
„არაადამიანური მოპყრობა“, „დამცირება“ – რას ამბობენ იურისტები პენიტენციური სამსახურის მორიგ კადრებზე
11/11/2021 12:16:47 პოლიტიკა, ანალიზი, სამართალი
პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე ვიდეო–მასალების უნებართვოდ, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით გამოქვეყნება ტრადიციად იქცა: დღეს საზოგადოებამ რიგით მესამე მასალა იხილა, რომელიც ამჯერად პატიმრის გლდანში განთავსებულ ციხის საავადმყოფოში იძულების წესით შესახლებას ეხება. კადრების გამოქვეყნებას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის განმარტება, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ციხის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა.
რა მოხდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც მსჯავრდადებულია ორ საქმეზე, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილმა იმავე დღეს გამოაცხადა შიმშილობა. მისი ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით სახელმწიფომ შექმნა კონსილიუმი, რომელმაც მდგომარეობს გართულების შემდეგ გასცა რეკომენდაცია მოშიმშილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე. თუმცა, მათ შორის, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი კლინიკა, სადაც სააკაშვილი გადავიდოდა, ციხის საავადმყოფო იქნებოდა. ადვოკატები, რიგი ექიმები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ამ დრომდე უშედეგოდ მოითხოვენ. #18 დაწესებულებაში გადაყვანის წინააღმდეგი იყო თავად სააკაშვილიც. სახალხო დამცველმა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით ორჯერ შეამოწმა ხსენებული დაწესებულება და განაცხადა, რომ ის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში არაა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, 29 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოებას ამცნო, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები გზების ჩახერგვას, დესტაბილიზაციის გამოწვევას განიხილავდნენ. საქმეზე პასუხისგებაში მიცემული ამ დრომდე არავინაა.
ამ პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დიეტაზეა და არ შიმშილობს. ხოლო 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ ეთერით განაცხადა, რომ მსჯავრდებული განაგრძობს ფაფების და ნატურალურ წვენების მიღებას. 6 ნოემბერს სააკაშვილმა საკვები დანამატების და მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, ხოლო ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის საჭიროებაზე ალაპარაკდნენ. 8 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის #12 დაწესებულებიდან გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნული იუსტიციის სამინისტრომ "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციად და მომატებული საფრთხეებით“ განმარტა.
იმავე დღეს იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, ამიტომ, მშვიდად დატოვა საკანი, ხოლო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ რეალურად გლდანში გადაიყვანეს, გაწია წინააღმდეგობა და მასზე სამკურნალო დაწესებულების ეზოში განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. შემდეგ კი შენობაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.
უნდა აღინიშნოს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კარები მოვლენათა განვითარებას უწყვეტ რეჟიმი არ ასახავს – დამონტაჟებულია. ამასთან, გარე პერიმეტრზე გადაღებული მასალის მხოლოდ მცირე მონაკვეთია ასახული.
რას გვეუბება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები
იურისტები შეშფოთებით ადევნებენ თვალს სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ამ კონტექსტში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ქცევას, რაც მათ კითხვებს ხელისუფლების მიზნებთან დაკავშირებით უჩენთ.
„ეს იყო უმძიმესი კადრები და ჩემთვის, ეს უპირველესად, არაადამიანური მოპყრობის მაგალითია. ვიტყოდი, რომ პირდაპირი მტკიცებულებაა ერთის მხრივ – ომბუდსმენისთვის, მეორეს მხრივ – სახელმწიფო ინსპექტორისთვის, რომ იქ პრეზიდენტის უფლებების უმძიმესი დარღვევა მოხდა. გარდა იმისა, რომ გვაჩვენეს, როგორ ამცირებდნენ პრეზიდენტს, როგორ არაადამიანურად ეპყრობოდნენ მაშინ, როდესაც თითქოს სამკურნალოდ გადაჰყავდათ, მაშფოთებს ერთი რამ, რა მიზანი აქვს დღეს ხელისუფლებას? ვითარების განმუხტვის, გამოსავლის მოძიების ნაცვლად, მიზანი ხომ არ არის მაქსიმალური რადიკალიზაცია, საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩა და სამოქალაქო დაპირისპირების წამოწყება? ამგვარი კადრების ნახვა ჩვენთვისაც შემზარავი იყო, მაგრამ პრეზიდენტის გულმხურვალე მხარდამჭერებისთვის სრულიად მიუღებელი იქნებოდა. ბუნებრივია, რომ მწვავე რეაქცია იქნება და გამოდის, რომ რადიკალიზაციის წამომწყები და მომხრე ხელისუფლებაა“,– განაცხადა თემის კომენტირებისას „ფონდ ღია საზოგადოების“ წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა.
პრობლემურ მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი გურამ იმნაძეც.
მისი დაკვირვებით, „ცალსახად იკითხება, რომ ხელისუფლება არ ცდილობს ვითარების კონსტრუქციული, დემოკრატიული, პოლიტიკური ინსტრუმენტებით განმუხტვას. ყველაფერს აკეთებს, რომ ვითარება უკიდურესი რადიკალიზაციის ფაზაში შევიდეს, რაც ნამდვილად არ იქნება ამ ქვეყნისთვის სახარბიელო და ნამდვილად დააზიანებს ამ დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას“:
„ამ კადრებიდან ცალსახად რაც იკითხება, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით: დიდი ალბათობით, მას რუსთავის დაწესებულებაში არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ. სწორედ მაშინ იწყება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, როდესაც შეიტყობს, რომ პენიტენციური სისტემის #18 დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრის, მოშიმშილე ადამიანის მიმართ ამგვარი მიდგომა უკვე შეიძლება, ჩაითვალოს ღირსების შემლახავ მოპყრობად. მეორეს მხრივ, პრობლემაა ის პრაქტიკა, როგორ ვრცელდება მსგავსი კადრები. არავითარი საზოგადოებრივი, საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება არ იკითხება კადრების ამდაგვარად გავრცელების უკან: პირიქით, კადრების ასე ფრაგმენტულად, ეპიზოდურად გავრცელება არათუ ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას, არასწორ აღქმებს აჩენს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ ეწინააღმდეგებოდა ბადრაგის სამსახურს, მაგრამ რა იდგა ამ წინააღმდეგობის უკან, ამაზე არც პენიტენციური სამსახური აკეთებს განმარტებას, არც კადრები გვეუბნება რამეს მაშინ, როდესაც სახალხო დამცველი, სააკაშვილის ადვოკატები საუბრობენ, რომ სააკაშვილს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის შეფასებით კი, პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს, ზოგადად, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ადეკვატურობის განცდა დაკარგული აქვს და ამას მორიგი კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს:
„არც ერთი ნაბიჯი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გადაიდგა, არ ყოფილა კანონთან შესაბამისობაში, ადეკვატური და გაანალიზებული სამართლებრივ, პროფესიონალურ ჭრილში. ყველა ნაბიჯი მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული. საშინელი კადრებია! ვერავითარ ლოგიკაში ვერ ვსვამ. ცხადია, ამ ყველაფერს სამართლებრივი, კანონისერი მიზანი არ ჰქონია. თუ ამით სურდათ დადასტურება, რომ სააკაშვილი ძალადობდა, პირიქით, ვნახეთ, რომ სააკაშვილთან მიმართებით იყო ძალა გამოყენებული. თუ ძალა იყო გამოყენებული, ამასაც სჭირდება ახსნა, მაგრამ როდესაც კადრები დაჩეხილია, რა თქმა უნდა, მეტ კითხვას აჩენს იმ ეპიზოდთან მიმართებით, რომ სააკაშვილი შესაძლოა, მოტყუებით გადაიყვანეს #18 დაწესებულებაში“.
სიმონიშვილი იხსენებს ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილებას და დასძენს, რომ ნაცვლად გადაწყვეტილების გააზრებისა,იუსტიციის სამინისტრო მანიპულაციას შეუდგა და უარესი ნაბიჯები გადადგა.
სააკაშვილის ადვოკატები კი გეგმავენ, კადრები ევროპულ სასამართლოს წარუდგინონ. მხარეებს ინფორმაციის წარსადგენად ბოლო ვადად 24 ნოემბერი განესაზღვრათ.
„პატივი ეცით ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კონტექსტში რამდენიმე ეპიზოდზე აწარმოებს გამოიებას (მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება; მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობა), აღნიშნავს, რომ არაერთგზის მოწოდებისა, სიფრთხილით მოეკიდონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს, ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით.
ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იუსტიციის სამინისტროს შეახსენებს, რომ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უწყებამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართა სააკაშვილის №12 დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და მისი №18 დაწესებულებაში განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობა-არარსებობის დადასტურებისა და მათი დაარქივების თაობაზე, თუმცა იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას:
„მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისაგან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას".
ამ მოწოდების შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა მორიგი მასალა გაავრცელა.