
ადვოკატი: "სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის მე-12 დაწესებულებაშიც კი"
12/11/2021 10:43:03 სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, ადგილზე, სადაც ახლა მესამე პრეზიდენტი იმყოფება სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია.
"ეს სულაც არ არის საავადმყოფო. თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის მე-12 დაწესებულებაშიც კი. ეს შენობა არის 2 ნაწილად გაყოფილი, ერთ ნაწილში არის იზოლირებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ამ ნაწილში სამედიცინო სერვისის მიწოდება თითქმის შეუძლებელია, რადგან მეორე ნაწილია ზუსტად სამედიცინო სერვისების გასაწევად", – აცხადებს საძაგლიშვილი.
მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "გლდანში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მიზანი მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ტერორი და არაადამიანური მოპყრობა იყო, რაც კარგად გამოჩნდა პენიტენციურის მიერ გავრცელებული კადრებითაც".
ცნობისთვის: 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად გაავრცელა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა, შიმშილობს. სტრასბუგრის სასამართლოს მოწოდების შემდეგ მან მზაობა გამოთქვა, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.