Accentnews.ge
აღიარებს თუ არა მინსკი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობას”?

აღიარებს თუ არა მინსკი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობას”?

13/11/2021 12:18:11 კონფლიქტები

ინფორმაცია, თითქოს ბელარუსის პარლამენტს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადების პროექტი წარედგინა, არ დადასტურდა. თუმცა თუ რუსეთ-ბელარუსის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოში სამომავლოდ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დაგეგმილი შეყვანის შესახებ უკვე არაერთგზის გაჟღერებულ განცხადებებს გავითვალისწინებთ, თეორიულად, გამორიცხული არაა, მინსკისთვის ეს საკითხი რაღაც ფორმით დღის წესრიგში მართლაც იდგეს, ან უახლოეს მომავალში მაინც დადგეს.

«გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსის პარლამენტში შეტანილია განცხადების პროექტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე. მოვლენა აბსოლუტურად ლოგიკურია, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ მაინც სასარგებლო და მნიშვნელოვანი მათთვის, ვინც იბრძოდა და იბრძვის სამართალინობისთვის – ისტორიულისთვის და არა მარტო. მუშაობის წლები, ჩვენი გუნდის ძალისხმევის ჩათვლით ბელარუს კოლეგებთან კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად, თავის ნაყოფს იძლევა» - დაწერა ორიოდ დღის წინ თავის ტელეგრამ-არხში "დონის როსტოვში აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა" ადიკ არშბამ.

და ეს ინფორმაცია მყისიერად აიტაცეს როგორც აფხაზურმა, ისე ოსურმა და რუსულმა მედიასაშუალებებმა. დაიწყო მისი აქტიური განხილვა სოცქსელების აფხაზურ და ოსურ სეგმენტშიც. ამასთან, კომენტატორთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამას არა სოხუმის ძალისხმევას, არამედ მოსკოვს უკავშირებდა და “რუსეთის პრეზიდენტისადმი ბელარუსი კოლეგის მადლიერების ჟესტად” განიხილავდა.

თუმცა ეს ყველაფერი სასურველის რეალობად გასაღების მცდელობა აღმოჩნდა: ჟურნალისტებს, რომლებმაც ბელარუსის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის სამდივნოში ადიკ არშბას ინფორმაციის კომენტირება ითხოვეს, განუცხადეს, რომ მსგავსი პროექტი პარლამენტში არ შესულა და მეტიც, «ეს საკითხი საკანონმდებლო რეგულირების ობიექტს არც წარმოადგენს».

უნდა აღინიშნოს, რომ ბელარუსის მიერ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარება ადრეც არაერთხელ დამდგარა დღის წესრიგში. საკითხი ჯერ კიდევ 2009 წელს განიხილებოდა. კერძოდ, 2009 წლის 19 ნოემბერს ბელარუსის საპარლამენტო დელეგაცია ცხინვალში იყო ჩასული და ედუარდ კოკოითს შეხვდა. იმ შეხვედრაზე იმჟამინდელმა დე ფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ მისი და აფხაზეთის მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის “ძალზე თბილი მიღებაც” გაიხსენა». იმავე წლის 27 ნოემბერს ოფიციალურ საიტებზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების საპარლამენტო დელეგაციებმა მინსკში რუსეთ-ბელარუსის საპარლამენტო კრების 36-ე სესიის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა”. “ჩვენ იქ დამკვირვებლებად ვიყავით, არა წევრებად, რა თქმა უნდა, რადგან წარმოვადგენდით არაღირებულ რესპუბლიკებს და ეს იყო ბელარუსული ჟესტი რუსეთის მიმართ” – იხსენებს იმ ვიზიტს ოსური “პარლამენტის” იმჟამინდელი დე ფაქტო სპიკერი სტანისლავ კოჩიევი. მაშინ გადაწყდა, “საპარლამენტო თანამშრომლობა” გაგრძელებულიყო. მეტიც, ბელარუსმა დეპუტატებმა მალევე ჩამოაყალიბეს სამუშაო ჯგუფი აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარების საკითხის განხილვისთვის მოსამზადებლად.

თუმცა ამას მოჰყვა ბელარუსის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, შეხვედრა, მათ შორის, იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან – და უკვე დეკემბერში ბელარუსმა დეპუტატებმა აღიარების საკითხის განხილვა გადაიფიქრეს. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ კი მაშინ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ «თავის პოზიციას არ გაყიდდა” და განმარტა, რომ სოხუმისა და ცხინვალის აღიარების სანაცვლოდ მოსკოვი მას 500 მლნ დოლარის ოდენობის ტრანშს ჰპირდებოდა. «რუსეთის ყველა ხელმძღვანელი მეუბნება: “ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს: აღიარებთ? - მშვენიერი, არ აღიარებთ? - არაუშავსო”. მაგრამ მე ხომ ვიცი, რას ელიან ბელარუსისგან?! პირველ რიგში, რუსეთისთვის ეს, რა თქმა უნდა, საკითხს არ წარმოადგენს: ვაღიარებთ-არ ვაღიარებთ ახლა, ხვალ, ზეგ… - იმასთან შედარებით, რაც ბელარუსის ირგვლივ ხდება, ეს მთავარი არ არის. თუმცა გვესმის, რომ დიახ, რუსეთისთვის ეს აღიარება ზედმეტი არ იქნებოდა» - აღნიშნა მან. კიდევ მოგვიანებით, 2020 წლის აგვისტოში, უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში კი ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ «დასავლეთი მინსკს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემთხვევაში დამატებითი სანქციებით ემუქრებოდა, მოსკოვმა კი მას ამ ეკონომიკური დანაკარგების კომპენსირებაზე უარი განუცხადა».

რა ზრახვები აქვს ამ წუთისთვის მოსკოვზე ორიენტირებული ლუკაშენკოს ხელისუფლებას სოხუმსა და ცხინვალთან მიმართებაში – ამას ალბათ, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ფაქტია, რომ თბილისს სიმშვიდის საფუძველი არ აქვს, მით უფრო – მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში უკვე არაერთგზის გაკეთებული განცხადებების ფონზე, რომ რუსეთ-ბელარუსის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოში სამომავლოდ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, “მთიანი ყარაბაღი”, დნესტრისპირეთი და “შესაძლოა, სომხეთიც” მოიაზრებიან.

«მინსკთან ცხინვალის ამჟამინდელი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია და ვერ ვიტყვი, რამდენად მზადაა ბელარუსი ჩვენი აღიარებისთვის. ბუნებრივია, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით და ბელარუსი აქ გამონაკლისს არ წარმოადგენს, სამხრეთ ოსეთი კი, როგორც რუსეთის ფედერაციის მოკავშირე, ასევე ხვდება ამ ზონაში. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიდგომები, ვეძებოთ შეხების წერტილები ყველა პოტენციურ პარტნიორთან. მაგალითად, ცხინვალში ხშირად ისმის განცხადებები თამაშის ევრაზიულ წესებზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ – ეკონომიკურზე, საბაჟოზე და ა.შ., მაგრამ ჯერ-ჯერობით ევრაზიული ეკონომიური კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთი გვაღიარებს. ვფიქრობ, თუ რეალურად გვსურს ახალ წესებზე გადასვლა, მჭიდრო ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ ამ კავშირის სხვა წევრებთანაც, მათ შორის – ბელარუსთან» - ამბობს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი (2012-2015), ამჟამად “დეპუტატი” დავით სანაკოევი.

თბილისი ამ დროს უმთავრესად შიდა პოლიტიკური ომებითაა დაკავებული. ძალაუფლებისთვის ბრძოლა მთავარ თემად რჩება ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ რეგიონში ჩამოყალიბებულ ძალზე სახიფათო ახალ რეალობაშიც, რომელიც საქართველოსთვის არაერთ რისკს ქმნის. ბოლო წელიწადნახევრის-ორი წლის განმავლობაში ფაქტობრივად უპასუხოდ რჩებოდა რუსი “სტრატეგიული პარტნიორის” ანექსიური ზრახვებით შეშფოთებული სოხუმიდან წამოსული ყველა შემოთავაზება თბილისთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დაწყების თაობაზე - და აი, სადღეისოდ უკვე, ცხინვალის მსგავსად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც რუსეთ-ბელარუსის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოში ინტეგრაციაზე აიღო კურსი. “პრეზიდენტმა” ბჟანიამ ბოლო თვეებში მოსკოვში ვიზიტებს საგრძნობლად მოუხშირა, სოხუმში დაბრუნებული კი ყოველ ჯერზე აკეთებს ახალ-ახალ განცხადებებს მოსკოვის ფაქტობრივად ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების “აუცილებლობის” თაობაზე, რომელიც “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ” შეთანხმებაშია ასახული. ამ მოთხოვნებს შორისაა, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწისა და სხვა უძრავი ქონების მიყიდვის, ენერგეტიკისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების გრძელვადიანი იჯარით გაცემის, ასევე ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის დაშვება და ბევრი სხვა რამ, რაც რეალიზების შემთხვევაში აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის ახალ სუბიექტად გადააქცევს.

მაგრამ თბილისს ამ ყველაფრისთვის “არ სცხელა” – თუ არ ჩავთვლით ოფიციალურ პირთა პერიოდულ, სხვადასხვა თარიღებისადმი მიძღვნილ არაფრისმომცემ ტრაფარეტულ განცხადებებს, რომლებიც სოხუმში ”ცინიზმად”, ან, საუკეთესო შემთხვევაში, “რეალობას აცდენად” ფასდება.

შიდა პოლიტიკური ბატალიების ფონზე ფაქტობრივად შეუმჩნეველი დარჩა თბილისში ეს ისტორიაც – ბელარუსის პარლამენტის მიერ სოხუმისა და ცხინვალის “დამოუკიდებლობის” შესაძლო აღიარების შესახებ. თუმცა არა: როგორც “აქცენტს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თბილისი დაუკავშირდა მინსკს, სადაც ეს ინფორმაცია უარყვეს. ‘ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა კომუნიკაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, რა დროსაც ბელარუსის მხარემ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და ბელარუსის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა უარყო” – განაცხადეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში, ხოლო დამატებითი კითხვის საპასუხოდ, რა პოზიცია აქვს სადღეისოდ მინსკს და კვლავინდებურად აღიარებს თუ არა იგი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოკლედ დასძინეს, რომ “აღიარებს”.

ასე, რომ ამჯერად, როგორც ჩანს, გადავრჩით. თუმცა გვაქვს კი სიმშვიდის საფუძველი იმ ფონზე, რომ უკვე არაერთგზის დადასტურდა, რაოდენ მერყევია და ცვალებადი ლუკაშენკოს ბელარუსის პოლიტიკური კონიუნქტურა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S