
ადვოკატი: "სააკაშვილი აცხადებს, რომ მოიკრებს ძალ-ღონეს და დაესწრება ხვალინდელ სასამართლო პროცესს"
14/11/2021 16:30:07 სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტს ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს და მისი სასამართლში გადაყვანის ყველანაირი საფუძველი არსებობს.
ბასილაიას თქმით, სააკაშვილის პროცესი ხვალ 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ადვოკატის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს ისევ არ მიეცემა პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ხელისუფლებას ექს–პრეზიდენტის გამოჩენის ეშინია:
"ხვალ 11:00 საათზე ჩანიშნულია "პიჯაკების საქმე". სასამართლოდან მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, გაიგზავნა პარასკევს, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის არსებობს. ექს–პრეზიდენტს აქვს უფლება უშუალოდ მიიღოს პროცესში მონაწილეობა, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოიკრებს მაქსიმალურად ძალ-ღონეს და დაესწრება ამ პროცესს. მთავარია, უზრუნველყონ მისი გადაყვანა, მისი არგადაყვანის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს",-განაცხადა ბასილაიამ.