
The Mirror: დაახლოებით 600-კაციანი ბრიტანული შენაერთი რუსეთის შეჭრის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მზადაა უკრაინაში გადასასროლად
15/11/2021 06:31:31 ევროპა
ბრიტანეთში ჩამოყალიბებულია სწრაფი რეაგირების დაახლოებით 600-კაციანი შენაერთი, რომელიც რუსეთის შეჭრის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მზადაა უკრაინაში გადასასროლად, - იუწყება ტაბლოიდი "The Mirror" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, სამხედროების მომზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის სამინისტროსა და საიდუმლო დაზვერვის სამსახურ MI6-ის ხელმძღვანელებმა ბრიტანეთის პრემიერი გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ ამჟამად რუსეთის პრეზიდენტ პუტინისგან უკრაინისა და დასავლეთის მიმართ მკაფიო საფრთხე მომდინარეობს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შენაერთში შედის 400-მდე მედესანტე, ასევე სპეცრაზმელები, მზვერავები, მედიკოსები, სამხედრო ინჟინრები და კავშირგაბმულობის სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში 36 საათის განმავლობაში ჩააღწიონ - ან თვითმფრინავებით, ან დესანტირების გზით.
ბრიტანეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ ცალსახად და უპირობოდ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ მზადაა მათ დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ამის ფორმალური ვალდებულება არ გააჩნია.
ცოტა ხნის წინ ბრიტანული შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ნიკ კარტერმა გააკეთა განცხადება "რუსეთსა და დასავლეთს შორის შემთხვევითი სამხედრო შეტაკების ცივი ომის დროიდან ყველაზე დიდი საფრთხის არსებობის" თაობაზე.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში კიევი და დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედროებისა და ტექნიკის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის მობილიზების გამო, რაც, მათი შეფასებით, ქვეყანაში შეჭრისთვის მზადებას შეიძლება, წარმოადგენდეს. თავის მხრივ, მოსკოვი ამ ვარაუდებს "პროვოკაციულად" აფასებს და "რეგიონში ნატო-ს აქტივობის ზრდის" გამო გამოთქვამს შეშფოთებას.
3 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის საზღვართან 90 000 რუსი სამხედროს კონცენტრირების შესახებ იუწყებოდა, გუშინ კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე 100 000-მდე რუსი ჯარისკაცის მობილიზების შესახებ გააკეთა განცხადება.