
სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი: "წამებაზე შესაბამისი პასუხი გვექნება, ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ ევროკავშირს"
15/11/2021 09:24:20 სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის ევგენი გრუშოვეცის განცხადებით, ის, რაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საქართველოში ხდება, წამებაა და ამის შესახებ მათ უკვე აცნობეს შესაბამის ორგანოებს.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მიეცემა.
"უკრაინის სახალხო დამცველის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. თითქმის ერთი კვირაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ვერ ვახერხებთ. იმედი მაქვს რომ უკრაინის ომბუდსმენს მასთან შეხვედრის უფლებას მისცემენ და ყველა დეტალს გავიგებთ. როგორც ვიცით საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების რაოდენობას სისტემატურად ამცირებს. მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან გვაქვს საქმე, რაც მიუღებელია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტს, ეს ადამიანის წამებაა, რაზეც შესაბამისი პასუხი გვექნება. ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ ევროკავშირს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს და წამების საწინააღმდეგო კომიტეტს. ის რაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ხდება კატეგორიულად მიუღებელია, ამაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მკაცრი პოზიცია დააფიქსირა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი ნოტაც გააგზავნინა", – აცხადებს ევგენი გრუშოვეცი.
ლუდმილა დენისოვა თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. იგი იუსტიციის სამინისტროსგან ელოდება პასუხს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესახებ.