
სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვენ
15/11/2021 10:07:09 სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვენ. შესაბამისი შუამდგომლობა უფლებადამცველებმა ე.წ პიჯაკების საქმის განხილვაზე დააყენეს.
ადვოკატები მიზეზად ექს–პრეზიდენტის პროცესზე დასწრებაზე უარის თქმას ასახელებენ.
"თქვენ გაქვთ დავალება, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში ვერ მოვიდეს. შეუძლებელია, ამ საქმის განხილვა თქვენი თავმჯდომარეობით. ამ სასამართლოში არ მოიძებნება მოსამართლე, რომელსაც დააწერენ ამ საქმეს და იქნება ობიექტური. ამ სასასამართლოში არიან კეთილსინდისერი მოსამართლეები, მაგრამ მათ ხელში ეს საქმე ვერ მოხვდება. თქვენ არცხვენთ სასამართლოს. თქვენ წარმოადგენთ ჩამოშლილი მართლმსაჯულების სახეს", -მიმართა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებისთვის საკმარისი საფუძვლები არსებობს.
მოსამართლე აცილებაზე უარს აცხადებს. ამ შუამდგომლობამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს, ე.წ პიჯაკების საქმის სხდომის გადაღების უფლება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარდა, სხვა მედიებისთვისაც მიეცათ. მოსამართლემ ეს შეუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარეს არც ის სურს, ადვოკატებმა სასამართლო დარბაზიდან მათივე ტელეფონით "ფეისბუქ–ლაივი" გაუშვან.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს. პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სააკაშვილს კვლავ არ მიეცა საკუთარ სასამართლოზე ფიზიკურად დასწრების საშუალება.
უწყების ცნობით, "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული". ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, "ამ ეტაპზე მსჯავრდებულ სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის".