ქადაგიშვილი - უკრაინის ომბუდსმენზე: "პოლიტიკური მიზნებისათვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის უნდა გამოვაყენებინოთ"
16/11/2021 08:01:07 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმლა დენისოვას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებაზე აცხადებს, რომ პოლიტიკური მიზნებისათვის საქართველოს შიდა მდგომარეობა არავის უნდა გამოაყენებინონ.
მისი თქმით, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მიმართ, ყველამ უნდა გამოხატოს პატივისცემა.
„ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ, ის, რომ სააკაშვილი არ სცემს პატივს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც იყო, ეს არ უნდა გახდეს წესი და რიგი, ანუ საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის. უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და პოლიტიკური მიზნებისათვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ მან უნდა მიმართოს სახელმწიფოსაც და შესაბამისი პროცედურებიც გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, განმარტა რატომ უთხრეს უარი უკრაინის სახალხო დამცველს სააკაშვილის მონახულებაზე.


