
რა განაპირობებს სააკაშვილთან მიმართებაში რუსული მედიის ისტერიას
16/11/2021 12:58:41 ანალიზი
"რუსებო, რომლებიც ღლიცინებთ მესამე პრეზიდენტის დამცირების ამსახველი კადრების გამო: დიახ, ეს ქართველებმა ჩაიდინეს, მაგრამ იმ ქართველებმა, რომლებსაც თქვენ უხდით! მთელი დანარჩენი საქართველო კი ერთიანდება სიძულვილში იმ ოპრიჩნინის მიმართ, რომელიც უცხოა და მიუღებელი ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის", – განაცხადა 12 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მიმართ კრიტიკული განწყობებით ცნობილმა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან საჭიროდ ჩათვალა, საკუთარი მიმართვა „ტვიტერში“ ინგლისურ ენაზე გაევრცელებინა და ქართველ ოფიციალურ პირთა დუმილის ფონზე პასუხი გაეცა რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიებისა და ბეჭდური თუ ინტერნეტ-გამოცემების, მრავალრიცხოვანი ტროლებისა და ბოტების იმ მართლაც რომ ისტერიისთვის, რომელსაც ბოლო ერთი თვეა, ვადევნებთ თვალს. აქ საყურადღებოა თემისადმი უჩვეულოდ მაღალი ინტერესი და ის, თუ რა «სოუსში» ხდება საზოგადოებისთვის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიწოდება: უკიდურესი ცინიზმი, არაჰუმანურობა, შეურაცხყოფა, დისკრედიტაციის ყოველმხრივი მცდელობა – ეს ყველაფერი წითელ ხაზად გასდევს თემის ირგვლივ მომზადებულ ყველა სიუჟეტსა და პუბლიკაციას.
მაინც რატომ ინარჩუნებს მსგავს აქტუალობას რუსული პროპაგანდული მანქანისა და მისი მეპატრონე კრემლისთვის პირი, რომელსაც საქართველოში უმაღლესი თანამდებობა წლების წინ ეკავა?
დამკვირვებლები გვირჩევენ, საკითხს ფართო კონტექსტში შევხედოთ.
„სააკაშვილი თანამედროვე, მოდერნიზებული საქართველოს სიმბოლოა, რომლის წარმატებაც რუსეთისთვის იყო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე პოსტსაბჭოთა სივრცეში. შესაბამისად, სააკაშვილისადმი მათი ყურადღება ყოველთვის მაღალი იყო და ასეთად დარჩება ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსეთისთვის დემოკრატიული პოსტსაბჭოთა სივრცე ეგზისტენციური გამოწვევაა. სააკაშვილი იყო მმართველი, რომელმაც მისი საპრეზიდენტო ვადის პირველ ეტაპზე მაინც შეძლო წარმატებული რეფორმების განხორციელება ისეთ კრიმინალურ და კორუფციულ ქვეყანაში, როგორსაც საქართველო წარმოადგენდა. 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის მარცხს რუსეთმა ხელი შეუწყო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან ეს შედეგი იმ ეტაპზე საქართველოში რუსული პოლიტიკური კურსის გამარჯვებად ჩათვალა. შემდეგ ამას რომ გარკვეული პროცესების შეფერხება არ გამოეწვია, მათ შორის – ევროინტეგრაციის კუთხით, მოქმედი ხელისუფლებაც პრობლემა გახდებოდა მოსკოვისთვის, რადგან საქართველოს ნებისმერი წარმატებული ხელისუფლება ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო მიუღებელი იქნება კრემლისთვის“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი.
მისი აზრით, ამ შემთხვევაში სააკაშვილი პერსონიფიცირებულია კონკრეტულ წარმატებულ რეფორმებთან, რუსეთი კი მუდმივად ცდილობს, აჩვენოს, თითქოს ამ რეფორმების უკან იმალება ადამიანი, რომელსაც საკუთარ სახელმწიფოშიც ვერ იტანენ და რომ მისი «ვითომ წარმატების» ერთადერთი გასაღები «პიარია, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია».
«ვინაიდან სააკაშვილმა პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნა ახალგარზრდა რეფორმატორი ლიდერის პრეცედენტი (და მას შემდეგ ამავე სივრცეში სხვა ლიდერებს - ზელენსკის, ფაშინიანს ხშირად მასთან აკავშირებენ), კრემლის ამოცანა ამ პრეცედენტის გაუფასურება და იმ აზრის დანერგვაა, თითქოს პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა შეუძლებელია, ხოლო ვინც სცადა, იყო ავანტიურისტი და საბოლოოდ ციხეში ასრულებს მოღვაწეობას. 2012 წლის შემდეგ სააკაშვილს რუსული პროპაგანდისტული მედია დასდევს ყველგან, როგორც საფრთხეს, თუმცა ცდილობს, წარმოაჩინოს კომიკურ ფიგურად, რომელმაც «გაბედა» და რუსეთის წინააღმდეგ იომა» - განმარტავს ძიძიშვილი.
რაც შეეხება უკანასკნელ მოვლენებსა და აჟიოტაჟს, ჰიბრიდული ომის მკვლევარი ამას იმ საფრთხეს უკავშირებს, რომელიც რუსეთისთვის მისაღებ გარემოს შეექმნა. კერძოდ, ძიძიშვილის განმარტებით, «არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მოქმედ ხელისუფლებას აღარ აქვს ისეთივე თავდაჯერებულობის საფუძველი, როგორიც თუნდაც ერთი წლის წინ და რომ ექს–პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში (მიუხედავად მის მიმართ მნიშვნელოვანი პრეტენზიებისა) ფაქტორად რჩება, ხოლო უშუალოდ პატიმრობის პირობებში განვითარებულმა მოვლენებმა სააკაშვილის რეაბილიტაციის შესაძლებლობა წარმოშვა»:
„რუსეთს არ სურს, დაუშვას, რომ სააკაშვილმა თითქოსდა დალაგებული ვითარება არიოს. შესაბამისად, რუსული მედიისთვის აუცილებელი იყო, ეჩვენებინა, თითქოს ის მიუღებელი პერსონაა ქართველებისთვის, ამრევი, მადესტაბილიზირებელი, საქართველოს ხელიუფლება კი კარგად იქცევა, რომ ქართველი ხალხის ნებას დაჰყვა და სააკაშვილი საპატიმროში გაუშვა. ეს იყო მკაფიო „მესიჯი“: „ვითარებას ვაკვირდებით და მოგვწონს“.
ფართო კონტექსტი
პროცესზე დამკვირვებლების აზრით, პროპაგანდისტულ „მესიჯბოქსს“ მრავალი შრე აქვს:
- ყალბი გზავნილი რუსული საზოგადოებისთვის, რომ „დასავლეთის აგენტების მიერ ორგანიზებულ რევოლუციებს კარგი არაფერი მოაქვს და მსგავს შემთხვევებში ქვეყანა გამუდმებული რყევებისთვისაა განწირული";
- გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ რუსეთი განაგრძობს "დემოკრატიის" საკუთარი ვერსიის ვერსიისთვის (სუვერენული დემოკრატია)ბრძოლას და ამ მიმართულებით "დაეხმარება" სხვა ქვეყნებსაც.
- გზავნილი საკუთრივ უკრაინისთვის, სადაც მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებს რეფორმატორის იმიჯსა და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის თანამდებობას;
- საქართველოში სტატუს–ქვოს შენარჩუნებას შეუწყოს ხელი.
ძიძიშვილის დაკვირვებით, ამჟამად რუსული ჰიბრიდული ომის სრული ძალით ამოქმედების ფაზაში ვიმყოფებით, თუმცა განსხვავებით 2014–2015 წლებისგან, მას სადღეისოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრონტი აქვს გახსნილი და მათგან ერთ–ერთი საქართველოზეც გადის, რათა რეგიონში (ფართო გაგებით) დასავლეთს დასაყრდენი გამოაცალოს. ამ კონტექსტში მკვლევარი რეგიონში დაანონსებულ ანტიდასავლურ ფორმატზე „3+3“ ამახვილებს ყურადღებას:
„ეს ფორმატი საქართველოს მონაწილეობის გარეშეც რომ შედგეს, განსხვავებით წინა წლებისგან, რეგიონში ანტიდასავლური ძალების დომინაცია ნათელი იქნება. არსებობს „ფანჯარა“, რომელშიც რუსეთი მაქსიმალურად ბევრი სახელმწიფოს „შეპრესვას“ ცდილობს, რათა შემდეგ მსხვილი გისოსებით დალუქოს და აღკვეთოს დასავლეთის ყველა მცდელობა, ესა თუ ის ქვეყანა თავის პლაცდარმად გამოიყენოს“.
ანალიტიკოსი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მსოფლიოს დღის წესრიგი იცვლება, იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თამაშის შეთანხმებულ წესებს აღარ ემორჩილებიან, რასაც, ერთის მხრივ, კრემლი უწყობს ხელს, ხოლო მეორეს მხრივ – საკუთარი პრობლემების წინაშე მყოფი ევროპაც. ამ კონტექსტში მკვლევარი ავღანეთის კრიზისს იხსენებს:
„საბოლოო ჯამში, ითქვა, რომ „თუ ცვლილებები თავად ავღანელებს არ სურთ, სხვა იქ ვერაფერს შეცვლის“. რუსეთის ამოცანაა, იგივე ითქვას სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. ამდენად, რუსული ხედვის მიხედვით, ეს შეტევის ფაზის დასაწყისია: ანალიზი გაკეთებულია, არსებობს გეგმა, მიმდინარეობს პირველი ფაზა, სადაც დასაყრდენების ფორმირება ხდება. თუმცა რამდენიმე სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში დასაყრდენები უკვე მოძიებულია. მაგალითად, როგორც მოსალოდნელი იყო, „ალტინფომ“ თქვა, რომ პარტიას ქმნის. იმ პირობებში, როცა 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშნვის ალბათობა გაიზარდა, კრემლმა გადაწყვიტა, თავისი სატელიტები პოლიტიკურ პროცესებში შემოიყვანოს. “ალტინფომ“ აჩვენა, რომ რესურსი გააჩნია, სახელმწიფო კი თავის რესურსს მის წინააღმდეგ არ ხარჯავს. ეს ნიშანია კრემლისთვის, რომ შესაძლოა, ამ ჯგუფისგან გამოდნეს 5–6%–იანი ძალა, რომელიც ანტიდასავლური, ანუ იგივე რუსული ნარატივის გამავრცელებელი იქნება“.
ამდენად, როგორც მკვლევარი ასკვნის, ამჟამად ვართ შეტევის საწყის ფაზაში, პირველი აქტივობები ჯერ კიდევ 5 ივნისს მივიღეთ, დანარჩენი კი წინ არის, ხოლო სააკაშვილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი რეალურად, არა კონკრეტული მოვლენისა და პერსონის მიმართული ცალკეული აქტივობა, არამედ მთლიანი პაზლის ერთი დეტალია.