
სომხეთი რუსეთს მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას სთხოვს
16/11/2021 13:07:02 კავკასია
სომხეთმა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიული მთალიანობის დაცვის თხოვნით მიმართა.
«ვინაიდან აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელდა თავდასხმა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე, მივმართავთ რუსეთს მოწოდებით, დაიცვას ჩვენი ტერიტორიული მთალიანობა ჩვენს ქვეყნებს შორის 1997 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე», - განაცხადა სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა და იქვე განმარტა, რომ ეს "ზეპირსიტყვიერი მიმართვაა, რომელსაც წერილობითი პროცედურაც მოჰყვება".
«ჩვენ უკვე ვიწყებთ შესაბამის პროცესს. ველით, რომ რუსეთი გაგვიწევს დახმარებას და მოგვეცემა შესაძლებლობა, აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა», – დასძინა გრიგორიანმა.
მანამდე ერევანი და ბაქო ავრცელებდნენ განცხადებებს საზღვარზე ლოკალური შეტაკებების შესახებ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვრის აღმსავლეთ მონაკვეთზე არტილერია და ჯავშანტექნიკა გამოიყენა.
სომხური მხარე 4 სამხედროს დაჭრის შესახებ იუწყება, თუმცა დაზუსტებული მონაცემები გარდაცვლილებისა და დაჭრილების შესახებ ამ დრომდე არ არსებობს.
თავის მხრივ, ბაქოში აცხადებენ, რომ «მოწინააღმდეგის სამხედრო შენაერთებმა ცეცხლი გახსნეს ყუმბარმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ლაჩინის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანული შენაერთების მიმართულებით».
ბაქო ორი დაჭრილის შესახებ იუწყება და ამასთან, ავრცელებს ინფორმაციას რამდენიმე სომეხი სამხედროს დაკავების თაობაზე.