
ლომჯარია: "იუღებელია, რომ უკრაინის ომბუდსმენს ციხეში შესვლაზე უარი განუცხადეს"
16/11/2021 13:18:52 სამართალი
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუღებელია, რომ თანამოქალაქის სანახავად ჩამოსული უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არ შეუშვეს.
"ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ უკრაინის ომბუდსმენთან. მას ასევე ჰქონდა ძალიან კარგი საქმიანი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან. ძალიან მოულოდნელი და მიუღებელია ის, რომ უკრაინის სახალხო დამცველს საკუთარი მოქალაქის მონახულებაზე და ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ უკრაინის ომბუდსმენის აპარატი არის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეს ინსტიტუტი აღიარებულია, რომ სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს, რითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტები. მე მხარს ვუჭერ უკრაინის ომბუდსმენის აპარატს და ვფიქრობ,საქართველომ არა მხოლოდ, როგორც მეგობარმა სახელმწიფომ, არამედ ქვეყანამ, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ამ პროცესის გამჭვირვალობას", - განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის: უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი განუცხადეს.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, "არ არის ამის აუცილებლობა, ხელისუფლებას არ აქვს ამის ვალდებულება":
"საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა. არ არის ამის აუცილებლობა და არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული. სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალო დამცველი ჯერ–ჯერობით არ იქნა შეშვებული. ასევე შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს".
კითხვაზე შეხვდა თუ არა იგი უკრაინის სახალხო დამცველს, მან შემდეგი განაცხადა:
"წინა შემთხვევაში, როდესაც ქალბატონი დენისოვა იმყოფებოდა სააკაშვილთან, გააკეთა ცალმხრივი განცხადება. ალბათ, კარგი იქნებოდა მაშინ შევხვედრილიყავით და მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია. პირველად, როდესაც იგი მე–12 დაწესებულებაში იმყოფებოდა, გამოსვლის შემდეგ მან გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი შეფასება და არ შეგვეკითხა, კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის არც ერთი იმის თაობაზე, შეესაბამებოდა თუ არა ის ინფორმაცია სინამდვილეს, რომელიც მას მიაწოდეს".