
"ექსპერტთა ჯგუფს ომბუდსმენის რწმუნება ექნება და სააკაშვილის მოსანახულებლად დაბრკოლება არ უნდა შეექმნათ"
16/11/2021 13:00:06 სამართალი
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფს ომბუდსმენის რწმუნება ექნება და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დაბრკოლება არ უნდა შეექმნათ.
მისი თქმით, თუ მის მიერ შექმნილ ექიმების ჯგუფს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე დაბრკოლება შეექმნება, ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ომბუდსმენსა და მის წარმომადგენლებს ციხეში პატიმრის მონახულებაზე უარს ეუბნება.
"ამ ჯგუფს ჩვენ ვაძლევთ სახალხო დამცველის რწმუნებებს, შესაბამისად, ისინი შევლენ დაწესებულებაში, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ეს არის გათვალისწინებული სახალხო დამცველის შესახებ კანონით. თუ ამ ჯგუფს შეექმნება დაბრკოლებები, ეს ნიშნავს იმას, რომ პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველსა და მის წარმომადგენლებს ეუბნება უარს ციხეში პატიმრის მონახულებაზე, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულადაც. აქამდე არ გვქონია პრობლემა, რომ რომელიმე პატიმრის მონახულება არ შეგვძლებოდა და იმედი გვაქვს, რომ არც მომავალში გვექნება", -განაცხადა ლომჯარიამ.
როგორც მან აღნიშნა, ექიმების ჯგუფი სააკაშვილთან უახლოეს მომავალში შევა და რა სიხშირით მოინახულებენ პაციენტს, მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ჯგუფის მიზანია, ასევე, შეაფასოს, რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.