
ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა: "მე–3 დღეა, აღარ იღებს მედიკამენტებს, ძალიან სუსტადაა"
16/11/2021 17:33:59 პოლიტიკა, სამართალი
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა,– ამის შესახებ ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ გლდანის ციხის საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
"ძალიან გამხდარია, რამდენიმე დღე არ მინახავს და ძალიან ცუდი ფერი აქვს. რაც თვალში მომხვდა, ეს იყო რომ წონასწორობის დაცვა უჭირს. იმდენად სუსტადაა, რომ ვერ დადის კარგად. წნევის ცვალებადობა აქვს. მე–3 დღეა, აღარ იღებს მედიკამენტებს", – განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.