Accentnews.ge
უკრაინის სახალხო დამცველი: "სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო გაერო–ს, ევროსაბჭოს და ეუთო–ს მივმართე"

უკრაინის სახალხო დამცველი: "სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო გაერო–ს, ევროსაბჭოს და ეუთო–ს მივმართე"

17/11/2021 06:50:42 სამართალი

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცადებით, მან "უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა".

"სააკაშვილის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე გაერო–ს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში, ეუთო/ოდირის ხელმძღვანელს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, გაერო–ს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველ 9 საერთაშორისო ორგანიზაციასა და უკრაინაში აკრედიტებულ 78 დიპლომატიურ მისიას. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის უფლებას, უსაფრთხოებას, შესაბამის სამედიცინო დახმარებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას", - აცხადებს ლუდმილა დენისოვა.

უკრაინის სახალხო დამცველს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ამ დრომდე არ უშვებენ.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S