
ევროსასამართლომ მოხეს მეჩეთის საქმეზე რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაცია დაადგინა
17/11/2021 09:51:56 სამართალი
ევროსასამართლომ მოხეს მეჩეთის საქმეზე რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაცია და ოთხი აპლიკანტის მიმართ არაეფექტიანი გამოძიება დაადგინა. განმცხადებლები საქართველოს მოქალაქეები, მუსლიმი თემის წარმომადგენლები არიან: თეიმურაზ და ოთარ მიქელაძეები და მალხაზ და გოჩა ბერიძეები.
სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ წინასწარი დაკავების დროს ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასა და ასევე, პოლიციელების მხრიდან დისკრიმინაციის შემცველ გამონათქვამებს.
ევროსასამართლომ, ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთი აპლიკანტის თეიმურაზ მიქელაძის მიმართ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევას.
2014 წლის 22 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მოხეში ისტორიული მეჩეთის დემონტაჟის დროს საკულტო ნაგებობასთან მობილიზებულმა პოლიციამ ადგილზე სპონტანურად შეკრებილი მუსლიმები, ჯამში 14 ადამიანი დააკავა.
განმცხადებლების ვერსიით, პოლიციამ ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, რომ თეიმურაზ მიქელაძეს გადაუხადოს 3 900 ევრო, ხოლო დანარჩენ სამ მოსარჩელეს სათითაოდ 1 800 ევრო.