Accentnews.ge
გამართლებულია თუ არა სოხუმის იმედები მინსკსა და მოსკოვთან მის “სამოკავშირეო სახელმწიფოზე”?

გამართლებულია თუ არა სოხუმის იმედები მინსკსა და მოსკოვთან მის “სამოკავშირეო სახელმწიფოზე”?

17/11/2021 10:17:36 კონფლიქტები

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსის პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ, ფეიქი აღმოჩნდა. პუტინის რუსეთთან ამჟამინდელი სიახლოვის მიუხედავად, ალექსანდრე ლუკაშენკომ სოხუმისა და ცხინვალის იმედები არც ამჯერად გაამართლა. თუმცა ღირს კი საერთოდ, იმედები ამყარო და მით უფრო საკუთარი მომავალო დაუკავშირო ისეთ რეჟიმებს, როგორიც რუსეთისა და ბელარუსის ამჟამინდელი ხელისუფლებებია? - აი, რაზე უნდა დაფიქრდნენ სოხუმში, რომელმაც მოსკოვის ხისტი ზეწოლის შედეგად ბოლო დროს, ცხინვალის მსგავსად, რუსეთ-ბელარუსის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოში ინტეგრაციაზე აიღო კურსი.

მაგრამ მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით. რამდენიმე დღის წინ კრემლთან აფილირებულ ტელეგრამ-არხ «Незыгарь»-ზე გაჩნდა პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსის “წარმომადგენელთა პალატას” განსახილველად “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ” კანონპროექტი წარედგინა. ავტორი მინსკის სახელისუფლებო დერეფნების ინსაიდერულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ეს იყო ბელარუსის პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის - თენგიზ დუმბაძის კერძო ინიციატივა (ადამიანისა, რომელსაც თავის დროზე აჭარის ავტონომიაში ტელე-რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა, ხოლო ვარდების რევოლუციისა და აჭარიდან ასლან აბაშიძის გუნდის გაქცევის შემდეგ ბელარუსის მოქალაქეობა მიიღო და იქაური პარლამენტის წევრიც გახდა), რომ მან კანონპროექტი პარლამენტის ქვედა პალატას წარუდგინა, თუმცა მალევე ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიბარეს და პროექტის გაწვევა მოსთხოვეს.

ოდნავ მოგვიანებით იგივე თემა წამოსწია თავის ტელეგრამ-არხში “დონის როსტოვში აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა” ადიკ არშბამ. «[…] ბელარუსის პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ. მოვლენა აბსოლუტურად ლოგიკურია, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ მაინც ძალზე სასარგებლო და მნიშვნელოვანი. დაუღალავი მუშაობის, მათ შორის ბელარუს კოლეგებთან კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად ჩვენი გუნდის დიდი ძალისხმევის წლებმა შედეგი გამოიღო» - დაწერა არშბამ.

და ეს ინფორმაცია მყისიერად აიტაცეს როგორც აფხაზურ, ისე ოსურ და რუსულ მედიაში. პარალელურად დაიწყო აქტიური განხილვები სოცქსელებში. ამასთან, კომენტატორთა დიდი ნაწილი არშბას მტკიცების საპასუხოდ აღნიშნავდა, რომ “მომხდარი” არა “დიდი ძალისხმევის შედეგს” წარმოადგენდა, არამედ “პუტინის მიმართ ლუკაშენკოს მადლიერების ჟესტს და მეტს არაფერს”.

კიდევ მოგვიანებით, 16 ნოემბერს ზემოთ აღნიშნულს გამოეხმაურა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი. ყოველვარი კონკრეტიკის გარეშე მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მოელის აღიარებას არა მარტო ბელარუსისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც და რომ “სამომავლოდ აღიარებები იქნება”.

თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი სასურველის რეალობად გასაღების მცდელობები აღმოჩნდა. მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც თემის კომენტირება ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატის სამდივნოში ითხოვეს, განუცხადეს, რომ მსგავსი პროექტი პარლამენტში არ შესულა და მეტიც, «ეს საკითხი საკანონმდებლო რეგულირების ობიექტს არც წარმოადგენს». “აქცენტმა” გადაწყვიტა, ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაშიც გადაემოწმებინა, სადაც განგვიცხადეს, რომ მინსკში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა ბელარუსის როგორც პარლამენტს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც სოხუმისა და ცხინვალის აღიარების საკითხის განხილვა უარყვეს, ხოლო გავრცელებულ ცნობებს სიცრუე უწოდეს.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული თემა გარკვეულ პერიოდებში მართლაც ჩნდებოდა ბელარუსის დღის წესრიგში. ასე, მაგალითად, 2009 წლის 19 ნოემბერს ბელარუსის საპარლამენტო დელეგაციას ცხინვალში იმჟამინდელმა “პრეზიდენტმა” კოკოითმა უმასპინძლა, ხოლო 27 ნოემბერს ოსური დელეგაცია რუსეთ-ბელარუსის კავშირის საპარლამენტო კრების 36-ე სესიას დაესწრო. თუ ოს “დეპუტატებს” დავუჯერებთ, ბელარუსმა პარლამენტარებმა მაშინ სამუშაო ჯგუფიც კი ჩამოაყალიბეს აღიარების საკითხის განხილვისთვის მოსამზადებლად. თუმცა მალევე ისინი თბილისს ეწვივნენ და უკვე დეკემბერში განაცხადეს, რომ აღიარების საკითხს აღარ განიხილავდნენ.

ანალოგიური “მოქნილობით” ხასიათდებოდა გასულ წლებში თავად ალექსანდრე ლუკაშენკოს პოზიციაც. ადრე რუსული მედიისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ «თავის პოზიციას არ გაყიდაა» და განმარტა, რომ რუსეთი აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარების სანაცვლოდ 500 მლნ დოლარის ოდენობის ტრანშს სთავაზობდა. 2020 წლის აგვისტოში დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში კი ლუკაშენკო უკვე იმით გამოთქვამდა აღშფოთებას, რომ იმ პირობებში, როცა დასავლეთი მინსკს სოხუმისა და ცხინვალის აღიარების შემთხვევაში სანქციებით ემუქრებოდა, მოსკოვმა მას უარი განუცხადა, მოსალოდნელი ეკონომიკური დანაკარგები აენაზღაურებინა.

ამგვარად, ამ საკითხში მინსკისთვის, როგორც ჩანს, გადაწყვეტილებები დიდწილად მიმდინარე პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული და რა შეიძლება, მოიმოქმედოს ლუკაშენკოს რეჟიმმა ხვალ – ძნელად პროგნოზირებადია. მაგრამ სადღეისოდ ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვთან დიდწილად იძულებითი დაახლოების მიუხედავად, მინსკი კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამასთან დაკავშირებულ გაკვირვებას, რომელიც სოცქსელების აფხაზურ და ოსურ სეგმენტებში გამოითქმის, უსაფუძვლოს ვერ უწოდებ: მართლაც, გაურკვეველია, როგორ უნდა თანაიარსებონ ბელარუსთან ერთად რუსეთ-ბელარუსის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოში სოხუმმა და ცხინვალმა მინსკის მიერ არაღიარებულობის პირობებში?! თეორიულად, აქ ორი ვარიანტი არსებობს: ან მოსკოვი ლუკაშენკოს აღიარებაზე მაინც დაიყოლოებს, ან აფხაზეთს (“სამხრეთ ოსეთის” მსგავსად, რომელიც ამაზეც დიდი ხანია, თანახმაა) მოუწევს გაწევრიანება არა “სამოკავშირეო სახელმწიფოში”, არამედ პირდაპირ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

თუმცა როცა საქმე გვაქვს ისეთ რეჟიმებთან, როგორიც ამჟამინდელი რუსული და ბელარუსულია, როგორც ჩანს, ნებისმიერი რამაა შესაძლებელი. ასე, მაგალითად, ძალზე “თავისებურია” პოზიცია მინსკისა, რომელიც მოსკოვთან სამოკავშირეო სახელმწიფოს ქმნის, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საკითხში: ამ დრომდე ლუკაშენკოს რეჟიმს არ განუცხადებია ნახევარკუნძულის რუსულად აღიარების შესახებ, თუმცა არც ანექსია დაუგმია; სულ რამდენიმე თვის წინ – მიმდინარე წლის ზაფხულში ლუკაშენკო აცხადებდა, რომ “მზადაა, ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, როგორც კი ამას ყველა რუსი ოლიგარქი გააკეთებს”; ორიოდ დღის წინ კი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა, “რეალურად, ყირიმი სადღეისოდ რუსეთის ტერიტორიაა - ჩვენთვის ამოსავალი ეს უნდა იყოსო"... და აქ, როგორც ჩანს, მინსკმა მოსკოვიც კი დააბნია: ყოველ შემთხვევაში, მაკეის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არც კრემლს გაუკეთებია, არც რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებას.

აი, ასე “საინტერესოდ” წყდება ლუკაშენკოს რეჟიმის პირობებში მსგავსი “უმნიშვნელო” საკითხები. თქვენ კი თავად გადაწყვიტეთ: ღირს, ენდობოდე მსგავსი რეჟიმის მიერ დღეს ნათქვამს თუნდაც ხვალ? რამდენად მყარი შეიძლებოდა, ყოფილიყო აფხაზეთის (და ე.წ. სამხრეთ ოსეთის) აღიარების გადაწყვეტილება, მინსკს რომ ის რეალურად მიეღო? და საერთოდაც, რამდენად ფასეულია შესაძლო აღიარება ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან, რომლის ლეგიტიმურობას ბოლო არჩევნებისა და ხელისუფლების შემდგომი ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო მთელი ცივილიზებული სამყარო ეჭვქვეშ აყენებს? ერთი ლიდერის – ლუკაშენკოს მსგავს იზოლირებულ მდგომარეობაში მყოფი ბაშარ ალ ასადის მიერ აღიარების გამოცდილება ხომ სოხუმს უკვე აქვს და რა მოუტანა ამან აფხაზეთს თუ პოლიტიკური, თუ ეკონომიკური, თუ ნებისმიერი სხვა კუთხით – სოხუმში ყველა მშვენივრად ხედავს.

თუ ვინმე კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდას აჰყვა და ჰგონია, რომ რუსეთ-ბელარუსის კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში აფხაზეთი მოიპოვებს რაღაც შანსებს საგარეო პოლიტიკური “გარღვევის” მისაღწევად, ეს იმედები სრულიად ფუჭია. შეგახსენებთ, რომ რუსეთი, როგორც ამ კავშირის უკვე მოქმედი წევრი, დღემდე იმყოფება ყირიმის 2014 წლის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების ქვეშ, ახალი შეზღუდვების მოლოდინში და ყირიმის რუსულად აღიარებას ცივილიზებულ სამყაროში არავინ აპირებს. ანალოგიურია ცივილიზებული სამყაროს პოზიცია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც და რუსეთ-ბელარუსის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოში მათი შესაძლო ინტეგრაცია არც ამ მხრივ შეცვლის რამეს – მხოლოდ კიდევ უფრო მეტი დარტყმის ქვეშ დააყენებს თავად ამ კავშირს, რომლის ლეგიტიმურობის ცნობას საერთაშორისო თანამეგობრობა აშკარად არ გეგმავს.

კერძოდ, ოქტომბრის დასაწყისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ღიად გმობს მოსკოვსა და მინსკს შორის საინტეგრაციო პროცესებს ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შესაქმნელად. «ევროპარლამენტი ამას ბელარუსის სუვერენიტეტის ხელყოფად მიიჩნევს, რადგან ბელარუს ხალხს ერთმევა უფლება, თავად განსაზღვროს ქვეყნის მომავალი და თუ რუსეთი გააგრძელებს ბელარუსთან მიმართებაში მსგავსი პოლიტიკის რეალიზებას, ევროკავშირს მოუწევს, დამატებთი ზომები მიიღოს მოსკოვის შესაკავებლად», — ნათქვამია დოკუმენტში. ევროპარლამენტმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მოსთხოვა რეგულარული მოხსენებების წარდგენა “ბელარუსის ცხოვრებაში კრემლის ჩარევის” თაობაზე. გარდა ამისა, ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებით, ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება ზრდის იმის რისკებს, რომ «ლუკაშენკომ განაგრძოს ბელარუსის სუვერენიტეტის დათმობა რუსეთის მხრიდან დამატებითი პირადი მხარდაჭერის მოსაპოვებლად».

მაშ რაში სჭირდება სოხუმს მსგავს კავშირში გაწევრიანება? რისი დათმობა მოუწევს მას და რის სანაცვლოდ? - ამაზე უნდა დაფიქრდეს აფხაზეთის მოსახლეობა, თანაც სასწრაფოდ, სანამ გვიანი არ არის. მოსკოვი ხომ უკვე ერთდროულად ყველა (როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და “რბილი ძალის”) ბერკეტს იყენებს სოხუმის იძულებისთვის, დააჩქაროს “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების” იმ გეგმის რეალიზება, რომელიც დიდი ხანია, იმტვერება აფხაზური “პარლამენტის” თაროებზე. ასლან ბჟანია კი, რომელმაც ბოლო თვეებში მოსკოვში ვიზიტებს უჩვეულოდ მოუხშირა, საგრძნობლად არის გააქტიურებული ხსენებული გეგმის რეალიზების მიმართულებით და რუსეთიდან დაბრუნებული, ყოველ ჯერზე არწმუნებს მოსახლეობას ამ დოკუმენტში გაწერილი მოსკოვური მოთხოვნების დაკმაყოფილების “აუცილებლობაში”.

კრემლის ხსენებულ მოთხოვნებს შორის ვხედავთ რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზური “მოქალაქეობის” მინიჭების, ასევე სტრატეგიული ობიექტებისა და საკუთრების უცხოელებზე (ცხადია, ისევ და ისევ რუსეთის მოქალაქეებზე) მიყიდვის მოქმედი საკანონმდებლო აკრძალვების გაუქმებასა და ბევრ სხვა რამეს, რაც რეალიზების შემთხვევაში აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის მორიგ ახალ სუბიექტად გადააქცევს. ყოველ ჯერზე მოსკოვიდან დაბრუნებული ბჟანია ცდილობს, შთააგონოს მოსახლეობას, რომ ეს ყველაფერი აფხაზეთისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, რომ “რესპუბლიკას ეკონომიკური განვითარების კუთხით ახალ, დღემდე არნახულ შესაძლებლობებს შეუქმნის”, თანაც “სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის ზიანის მიუყენებლად”.

მაგრამ რეალურად, თუ აფხაზეთი ვლადიმირ პუტინს შესაძლებლობას მისცემს, თავი მისი მორიგი იმპერიული კაპრიზის ნაწილად აქციოს და ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოში შეიტყუოს, მსოფლიოში ნანატრი ფანჯრის ნაცვლად, სოხუმი მიიღებს მხოლოდ სარკმელს ანტიდემოკრატიულ, ათასგვარი სანქციების ქვეშ მყოფ, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებულ სივრცეში, რომელიც არაფრით ჰგავს იმას, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობს აფხაზეთის ყველაფრით გადაღლილი მოსახლეობა.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S