
მერკელმა და ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ ისაუბრეს
17/11/2021 16:14:01 ევროპა
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ბელარუსის ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკოს შორის 17 ნოემბერს კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბრის დეტალების შესახებ არ იუწყებიან, თუმცა ფონია მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე.
მერკელი 15 ნოემბერსაც ესაუბრა ლუკაშენკოს. ეს მათ შორის პირველი კომუნიკაცია იყო 2020 წლის აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირსა და ბელარუსს შორის მომწყვდეული ათასობით ლტოლვილისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ.
15 ნოემბრის სატელეფონო საუბარი მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუს-ევროკავშირის საზღვარზე მიგრანტების ჩაყვანისთვის.
ბრიუსელი ლუკაშენკას ბრალს სდებს, რომ ის გამიზნულად ქმნის მიგრანტების კრიზისს, რათა ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების რამდენიმე წყებისთვის, რაც მოჰყვა მინსკის მიერ სასტიკი მეთოდების გამოყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაჩენილი საპროტესტო ტალღის ჩასახშობად.