Accentnews.ge
"ოცნების" წევრი დეპუტატი – ომბუდსმენის მიერ შექმნილ სამედიცინო ჯგუფზე: "არ მაქვს საფუძველი იმათ ნათქვამში ეჭვი შევიტანო"

"ოცნების" წევრი დეპუტატი – ომბუდსმენის მიერ შექმნილ სამედიცინო ჯგუფზე: "არ მაქვს საფუძველი იმათ ნათქვამში ეჭვი შევიტანო"

18/11/2021 12:05:27 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს ენდობა.

მისივე თქმით, თუ ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები დაიწყო პაციენტის კლინიკაში გადაყვანას აზრი აღარ ექნება.

"იმპერატიულად არ შემიძლია, განცხადება გავაკეთო, ზოგადად ერთი რამე შემიძლია, გითხრათ, ის ხალხი, საკმაოდ გონიერი და საპატივცემულო ხალხია, კარგი ექიმები არიან, ასე რომ, არ მაქვს საფუძველი იმათ ნათქვამში ეჭვი შევიტანო", – განაცხადა გოცირიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ურჩევდა თუ არა ხელისფლებას ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ, დეპუტატმა შემდეგი განაცხადა:

"[...] თუ ორგანიზმში დაიწყო შეუქცევადი პროცესები, იმის შემობრუნება მერე ძალიან რთული იქნება, გინდა გადაიყვანონ, გინდა გადმოიყვანონ, აზრი აღარ ექნება".

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.

17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. "პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", – ნათქვამია დასკვნაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S