
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა
18/11/2021 14:48:55 კონფლიქტები
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გელა გოჭოშვილს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერგნეთში დღეს გამართულ რიგით 103-ე შეხვედრაზე მიიღეს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის ინციდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში. ასევე, ვისაუბრეთ მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებზე და უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე. შეხვედრაზე გაგვიზიარეს ინფორმაცია გელა გოჭოშვილთან დაკავშირებით. მას ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის ბრალდებები, რაც მის მიმართაა წაყენებული, არის სრულიად უსაფუძვლო“, – განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ანთაძემ.
როგორც ანთაძემ აღნიშნა, დეკემბრის თვეში ჩანიშნულ ჟენევის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე ყველა ინციდენტზე, მათ შორის გენადი ბესტაევის, გელა გოჭოშვილისა და ირაკლი ბებუას საქმეებზე ისაუბრებენ.
ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოკუპირებული ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ გელა გოჭოშვილი აგვისტოში ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.