
"ოკუპირებული რეგიონების 2000-ზე მეტმა მცხოვრებმა ისარგებლა უფასო ჯანდაცვით"
18/11/2021 15:03:29 კონფლიქტები, პოლიტიკა
2020-21 წლებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2000-ზე მეტმა მცხოვრებმა ისარგებლა ქართულ კლინიკებში უფასო სამედიცინო მომსახურებით. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა, ჯამში, 5 მილიონ ლარს აჭარბებს.
მისივე თქმით, ოფიციალურ თბილისს არ შეუჩერებია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის რეგულარული მომარაგება სამედიცინო საშუალებებით - იმუნიზაციის და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომელთა ღირებულება ყოველწლიურად მილიონ-ნახევარ ლარს აღწევს.
მინისტრმა, ასევე, ისაუბრა კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის შესახებ და თქვა, რომ გადმოყვანის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, მკურნალობა კი უკვე გაიარა 800-ზე მეტმა კოვიდ-ინფიცირებულმა პაციენტმა.