
“ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს ეკონომიკური აღმავლობა, პოლიტიკური სტაბილურობა”
18/11/2021 18:05:57 კონფლიქტები
საქართველოს სახელმწიფო მინისტრi შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ ოკუპაციაზე პასუხი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა, პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება. ამის შესახებ მან პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ ახლებური ხედვებისა და მიდგომების საჭიროებას და ამ მიმართულებით ვგეგმავთ კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას, რომ ყველამ ერთად მივაღწიოთ მთავარ მიზანს – ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში. ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენი კუთვნილების კიდევ ერთი ცალსახა დასტურია ის ფაქტი, რომ ჩვენს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით მდიდარ ქვეყანაში თანასწორობისა და დემოკრატიის იდეებისა და პრინციპების რეალიზება ხელისუფლებას აყვანილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკის უმაღლეს რანგში, რასაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ათწლიანი სტრატეგია”, – განაცხადა ახვლედიანმა.